წითელი ვერსია
  • 0
  • 2464

მედია და სიღარიბე

29 ივნისი 2020

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ მედიაში მკვეთრად გაიზარდა სიღარიბის თემის გაშუქება და მისი დრამატიზების ხარისხი.


აღნიშნული ტენდენცია სათავეს იღებს 2018 წლიდან, კერძოდ, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით მომზადებული ცნობილი „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ (იგივე იუნისეფის კვლევა), სადაც ნათქვამი იყო, რომ 2015 წელთან შედარებით 2016-2017 წლებში საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი.


აღსანიშნავია, რომ ასეთ კვლევებს ორგანიზაცია 2009 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს და მისი მიზანი სიღარიბის რეალური მაჩვენებლების შესწავლა და იმის დადგენაა, რამდენად მიზნობრივად და ეფექტიანად ებრძვის სიღარიბეს ხელისუფლება.


ცხადია, სიღარიბის მაჩვენებლების შემცირება ნებისმიერი გონიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს. როგორც წესი, სწორედ ეს არის საზოგადოების მთავარი დაკვეთაც, თუმცა გარდა ამ პოლიტიკური და მორალური ვალდებულებისა, სიღარიბის კონტროლი უსაფრთხოების საკითხიც არის და დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაც.


მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიღარიბე დესტაბილიზაციის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რადგან ღარიბი მოსახლეობის განწყობის მანიპულირებით ხშირად სარგებლობენ გარე ძალები ან შიდა რადიკალური ჯგუფები. აქედან გამომდინარე, აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, არამედ ისიც, თუ რამდენად კვალიფიციურად აშუქებს მედია სიღარიბის თემას.


აქ ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ერთსა და იმავე სურათს ვაწყდებით: ე.წ. სახელისუფლებო მედია გვარწმუნებს, რომ სიღარიბის დასაძლევად მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებენ; ოპოზიციური მედია კი გამუდმებით გვიჩვენებს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფთა პრობლემებს და იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს, რომელიც მათ მიმართ გამოიჩინეს შესაბამისმა სამსახურებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


ერთი სიტყვით, აშკარად შეიმჩნევა, რომ ამ საყოველთაო სატკივრის გაშუქება-შეფასებისას მედია პოლარიზებულია, თუმცა, განსაკუთრებით საგანგაშო ის არის, რომ ზოგი მედიასაშუალება მიზანმიმართულად მუშაობს არა პრობლემის გამოვლენაზე, არამედ მოსახლეობაში საპროტესტო განწყობის შექმნაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ტვ „ფორმულა“. ამ ტელეკომპანიის წამყვანი და დირექტორის მოადგილე, გიორგი თარგამაძე, ერთ-ერთ გადაცემაში, მაგალითად, პირდაპირ და დაუფარავად სვამს კითხვას, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ღატაკი მოსახლეობის განწყობის იმგვარად შემობრუნებას, რომ მას რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები მოუნდეს. პასუხად აქ გვესმის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, რევოლუციური პათოსის მოწოდებები იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებს დასაკარგი ისედაც აღარაფერი აქვთ.


2013 წელს მედიამ გააშუქა უმძიმესი ამბავი იმის შესახებ, რომ ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების უშუალო მიზეზი შიმშილი გახდა.


ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ იმ დროისთვის საქართველოში ყოველწლიურად შიმშილით იღუპებოდა 300-მდე ბავშვი.


ამის შემდეგ ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა და მიზნობრივი გახადა სიღარიბის პროგრამული დაფინანსება და ბავშვთა დახმარება, რის შედეგადაც 2015 წელს უკიდურესი სიღარიბე 2,5 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა ორ წელიწადში ეს მაჩვენებელი კვლავ 6,8 პროცენტამდე გაიზარდა.


ქართული მედია მეტ ყურადღებას რომ უთმობდეს მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებლებს, ტენდენციებსა და სტატისტიკას, შესაძლოა, 2018 წელს არც გვენახა ბევრი ირონიული სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, გახდა თუ არა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი იუნისეფის კვლევები, თუმცა იმ პერიოდში მედიის უდიდესმა ნაწილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია სკანდალი, და ნაკლებად − რეალური პრობლემების გამოკვლევა და იმის გარკვევა, რამდენად ეფექტიანია ბავშვებზე მორგებული პროგრამები, სწორად ხდება თუ არა მათი განხორციელება, სად იქნა დაშვებული შეცდომები, რამაც ბოლო წლებში მაჩვენებლების გაუარესება გამოიწვია და რას გეგმავს ხელისუფლება სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ შეკითხვების ნაცვლად, მედიიდან ძირითადად გვესმოდა პოლიტიკოსთა შეფასებები და პოპულისტური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, რადგან ის ხალხის ფულს ჭამს და ამიტომაც იხოცება ხალხი შიმშილით.


მოსახლეობის შიმშილის თემას ტვ „ფორმულა“ დღემდე აქტიურად აშუქებს და ახლა უკვე იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ კოვიდპანდემიისა და ეკონომიკური შეზღუდვების შედეგად ღარიბი მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, მთავრობა კი თავის მხრივ გვარწმუნებს, რომ კრიზისის დაძლევის გეგმა, პირველ რიგში, სწორედ მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ჯგუფებზეა მორგებული და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გულისხმობს.


საკმარისია თუ არა მთავრობის დახმარება ღარიბებისთვის? 1 ივნისს ამის გარკვევას ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი შეეცადა. გადაცემაში „ცხოვრება შიმშილის ზრვარზე“ მან პირდაპირ ეთერში ჩართო სოციალურად დაუცველი დედები, რომელთაგანაც გავიგეთ, რომ მათ შვილებს სპეციფიკური საჭიროებები აქვთ, რასაც მთავრობის დახმარება არ ყოფნის.


ამ გადაცემაში, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტმა, ვერ დაგვარწმუნა, რომ დედები და მათი არასრულწლოვანი შვილები იმაზე მეტად შიმშილობენ, ვიდრე პანდემიამდე და ვერც არსებითი პასუხები მონახა კითხვაზე, რა დახმარება ეკუთვნის აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანს და ვის უნდა მიმართოს მშობელმა ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიაში რამდენიმე წელია, მოქმედებს სპეციალური პროგრამა ასეთი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის და ამ პროგრამის ბიუჯეტი 2020 წლის თებერვალში გაიზარდა კიდეც.


ასეთი პროგრამების შესახებ სწორი ინფორმაციის მოძიება და პრობლემის ადეკვატურად გაშუქება მნიშვნელოვანი იქნებოდა მშობლებისთვის და არ არის გამორიცხული, შესაბამისად მომზადებულ ჟურნალისტს ამ ერთ კონკრეტულ ამბავში გაცილებით საყურადღებო დარღვევებიც კი აღმოეჩინა.


სამწუხაროდ, ჟურნალისტი არც კი დაპირებია მშობელს, რომ მედია აუცილებლად დაინტერესდებოდა საჭირო ინფორმაციის მოძიებით და მოიკვლევდა, რა გზები არსებობს ამ ტიპის მიზნობრივი ჯგუფების დასახმარებლად. მეტიც, აშკარად არაეთიკური და არასწორი იყო ამ გადაცემაში არასრულწლოვანის ეკრანზე გამოჩენა და საჯარო საუბარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მედია ბოლო ხანს სულ უფრო ნაკლებად ინტერესდება იმით, როგორ შეიძლება გადაიჭრას კონკრეტული ადამიანის პრობლემა, ხოლო სოციალურ თემაზე მომზადებული მასალები ხშირად მიუთითებს, რომ მედიის ნაწილი თემის შექმნით მოსახლეობის განწყობის მიზანმიმართულ მანიპულაციას ახდენს, რაც ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად.


ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 2464
0 Comments