წითელი ვერსია
  • 1
  • 2601

მარტვილის მონასტრის ტელერეალობა და სინამდვილე

03 აპრილი 2021

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მიმდინარე კონფლიქტი კვლავ რჩება ქართული მედიის ერთ-ერთ აქტუალურ თემად, თუმცა იმის გამო, რომ მედიასაშუალებების დიდი ნაწილი ამ პროცესში ფაქტობრივად კონფლიქტის მხარედ გვევლინება, აუდიტორიამდე ხშირად ინფორმაცია არასრული ან სულაც დამახინჯებული სახით აღწევს.


ამგვარი გაშუქების მაგალითი იყო 2 აპრილს, ტელეკომპანია „პირველის“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი, რომელიც მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან მონაზონ სოსანა ბოლქვაძის გადაყენებას და მონასტერთან პოლიციის თითქოსდა, მობილიზებას ეხებოდა.


„უმძიმესი კადრები მარტვილიდან. წმინდა ნინოს დედათა მონასტერი პოლიციელების ალყაში იყო მოქცეული, მონაზვნებს კი მონასტერში შესვლის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ,“ - აუწყა ტელეკომპანიამ მაყურებელს.


ალყაშემორტყმული მონასტრის უმძიმესი სურათის და კადრების მოლოდინის ფონზე, რეალურად სიუჟეტში ვხედავთ მონასტრის შესასვლელთან მდგარ პოლიციის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც, როგორც ქონების გადაბარების კომისიის ხელმძღვანელმა განმარტა, ამ ქონების გადაბარების პროცედურაზე დასწრებისთვის იყვნენ მიწვეულნი.


რაც შეეხება ბრალდებას მონაზვნებისთვის მონასტერში შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ირკვევა, რომ მონასტრის ყოფილი წინამძღვარი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე სტეფანეს 1 აპრილის გადაწყვეტილებით, „მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში“.


როგორც მიტროპოლიტის ბრძანებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზი მათ მიერ „მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევები“ გახდა და არა „განსხვავებული აზრი“, როგორც ეს „პირველის“ სიუჟეტში იყო წარდგენილი.


საეკლესიო კანონების დარღვევის გამო სინანულისთვის განწესება კი, რაც სამონასტრო ცხოვრებაში არცთუ იშვიათად ხდება, ტელეკომპანიამ ცალსახად „სადამსჯელო ოპერაციად“ შეაფასა.


აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ნაჩვენები იყო მონასტერში ქონების გადაბარების მიზნით ჩამოყალიბებული კომისიის ხელმძღვანელისა და სოსანა ბოლქვაძის საუბრის დამონტაჟებული ფრაგმენტი, საიდანაც რთულია კელიაში მონაზონის დაშვების პირობებისა და ქონების გადაბარების პროცედურაში გარკვევა.


ამ დიალოგისა და კომისიის ხელმძღვანელის განმარტებების ამსახველი სრული, უწყვეტი ვიდეოჩანაწერი 2 აპრილს შუადღით თავად ჭყონდიდის ეპარქიამ გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი ასევე გავრცელდა კომისიის წერილობითი განცხადებაც, სადაც პროცედურა დეტალურადაა გაწერილი და განმარტებულია ამ პროცესში სამართალდამცველების ჩართვის საჭიროებაც.


საგულისხმო დეტალი: მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ამბების გაშუქებისას ქართული მედია ხშირად იყენებს თეოლოგების განმარტებებს და ხშირად მიმართავს მათ კომენტარისთვის, ამჯერად მაყურებელს არ მოუსმენია თეოლოგის ან სხვა კომპეტენტური და, ამავე დროს, კონფლიქტში მიუკერძოებელი მხარის შეფასება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მონაზვნის მიერ ეპარქიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების უგულვებელყოფა საეკლესიო წესების დარღვევა და ჰქონდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს მონაზონის სხვა მონასტერში განწესების უფლება.


ტელეკომპანიას ასევე არ მიუმართავს კითხვით თავად სოსანა ბოლქვაძისთვის, რა გახდა ეპარქიის მმართველთან დაპირისპირების რეალური მიზეზი.


ცნობისთვის: მონაზონი სოსანა ბოლქვაძე 29 მარტს, ჭყონდიდის ეპისკოპოსთან გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ განმარტავდა, რომ მან მეუფეს ეპარქიის ყოფილი მმართველის, პეტრე ცაავას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დამტკიცება მოსთხოვა და ასევე, მოითხოვა თავად პეტრე ცაავას მიერ კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებების შესწავლა.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 ოქტომბერს პეტრე ცაავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საჯაროდ დასდო ბრალი ჰომოსექსუალურ კავშირში, ხოლო მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ჭყონდიდის ეპისკოპოსმა სტეფანემ განაცხადა, რომ ეპარქიის ყოფილ მმართველს პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 2601
0 Comments