წითელი ვერსია
  • 1
  • 4188

მანიპულაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თემით

26 აგვისტო 2021

მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ფაქტების დამახინჯებულად ან მანიპულაციურად გაშუქება ქართულ მედიაში არც თუ იშვიათია. ამასთან, მკვეთრი პოლიტიკური პოზიციის მქონე მედიასაშუალებები ამ გზას ხშირად იმ შემთხვევაშიც კი მიმართავენ, როცა საქმე არა რიგით პოლიტიკურ მოვლენას ან კრიმინალურ ფაქტს, არამედ ისეთ განსაკუთრებით საფრთხილო თემებს ეხება, როგორიც ტერორიზმი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ამბებია.


სწორედ ამგვარი გაშუქების მაგალითი იყო ტვ „პირველის“ ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, 24 აგვისტოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმის მასალების წარდგენა.


25 აგვისტოს, 20:00 საათის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „პირველები„ტერორიზმის საქმიდან ექსკლუზიური კადრებით“ დაიწყო.


საგულისხმოა, რომ რეპორტაჟის წარდგენის მომენტიდანვე ჟურნალისტები აქცენტს აკეთებდნენ არა თავად საქმის შინაარსზე, არამედ სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის მიერ დაკავებულების მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე და იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ზოგადად დაუშვებელია.


თუმცა, რაც კიდევ უფრო საყურადღებოა, ჟურნალისტებმა რამდენჯერმე გააკეთეს შეფასება, რომ „კადრებში მხოლოდ დაკავებულების გადაადგილება ჩანს, მუქარა ან საეჭვო მოქმედება - არა“.


როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გვამცნობს, „სწორედ ეს უჩენს პანკისელებს ეჭვს, რომ სპეცოპერაციის მიზანი არჩევნების წინ ახალი ხმაურიანი საქმის შეკერვაა და დაკავებულებს რეალურად ტერორიზმთან კავშირი არ აქვთ“, ხოლო რეპორტაჟის ავტორის თქმით „ირკვევა, რომ დაკავებამდე ისინი [დაკავებულები] თვალთვალის ობიექტები იყვნენ, თუმცა, ვიდეოკადრებში დაკავებულების მხოლოდ გადაადგილებაა ასახული და სხვა არაფერი არ ისმის“ .


რეალურად, ნაჩვენებ ვიდეომასალაში არ ჩანს, კონკრეტულად ვინ უთვალთვალებს ახალგაზრდებს და ვინ იღებს ვიდეოკადრებს, რომლებიც მათი დაკავების საფუძველი გახდა, თუმცა ნამდვილად და ნათლად ჩანს ის, რომ ხსენებული პირები საჯარო სივრცეში „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი ტანსაცმლით გადაადგილდებიან, ხოლო ერთ-ერთ ვიდეომტკიცებულებაში, სადაც დაკავებულები „ფიცს დებენ“ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის მიმართ, გარკვევით ისმის მათი ლაპარაკიც, რაც ტვ „პირველმა“ ვერ ან არ შეამჩნია.


რეპორტაჟში ასევე ხაზგასმულია, რომ „რვა ტომიან მასალებში არის ფოტოები, აუდიოჩანაწერები, სატელეფონო და სოციალური ქსელებიდან ამოღებული მიმოწერები, თუმცა, რას ადგენს სუს-ი ამ ჩანაწერებით, რთული სათქმელია, რადგან ეს არ არის ფარული კადრები, ეს არის თავად დაკავებულების მიერ გადაღებული ვიდეომასალა.“


რეალურად, ის გარემოება, რომ კონკრეტულად „ფიცის დადების“ კადრები არა ფარულად, არამედ თავად დაკავებულების მიერ არის გადაღებული, ცხადია, დანაშაულს არ გამორიცხავს. მეტიც - სწორედ აღნიშნული ფიცის - ე.წ. ბაიათის დადების ვიდეოკადრებია საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.


ასევე, საგულისხმოა, რომ ამ ვიდეომასალის გარდა თავად „პირველებმა“ გააცნო მაყურებელს, სავარაუდოდ, დაკავებულების პირადი მიმოწერის ამსახველი მასალაც, სადაც ისინი „შარიათის დამყარების“ შესახებ საუბრობენ.


რეპორტაჟის ბოლოს ავტორმა აუდიტორიას აუწყა, რომ „15 წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ოპერატიული მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ გეგმავდნენ ახალგაზრდები სირიაში გადასვლას. ჩვენ ამ დროს რეპორტაჟი უკვე მომზადებული გვქონდა, ამიტომ ვერ მოხერხდა, რომ ეს ჩანაწერი სიუჟეტში მოხვედრილიყო“.


ამის შემდგომ კი მაყურებელმა ტვ „პირველის“ ეთერში თავად სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალა იხილა, სადაც „პირველებისგან“ განსხვავებით, ფიგურანტების სახეები გრაფიკულად იყო დამუშავებული, თუმცა დაკავებულების საუბრის ჩანაწერში კიდევ ერთხელ და ნათლად იკვეთება ტერორისტული აქტივობის განზრახვა.


ამ დამატებითი მტკიცებულებების ფონზე, ბუნებრივია, განსაკუთრებით გაურკვეველი და გაუგებარია რას ეფუძნებოდა ტვ „პირველის“ პოზიცია, თითქოს მასალებში „საეჭვო არაფერი ჩანს“, ან რატომ არ მიიქცია ჟურნალისტების ყურადღება აუდიოჩანაწერებმა მანამ, სანამ მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაასაჯაროვებდა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ფრაგმენტებიც კი, რომლებიც ტვ „პირველის“ სიუჟეტში მოხვდა, აშკარად საკმარის საფუძველს შეიცავს გამოძიების დასაწყებად.


ამგვარად, ნათელია, რომ ისეთი სახიფათო და სახელმწიფოებრივად მგრძნობიარე თემაც კი, როგორიც ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირია, ტელეკომპანია „პირველმა“ საკუთარი შიდაპოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე გააშუქა და მაყურებელს ინფორმაციის ნაცვლად, ფაქტობრივად, პოლიტიკურად მოტივირებული მანიპულაცია შესთავაზა.


ცნობისთვის, 25 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქის საქმიდან.


სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა, რომ საქართველოს მოქალაქეები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.


სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის განცხადებითვე, დაკავებულები პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს, სადაც განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებაში არსებულ სამომავლო გეგმებს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 4188
0 Comments