წითელი ვერსია
  • 2
  • 2151

ქართული ტელემედია საარჩევნო რეჟიმში

24 თებერვალი 2020

საქართველოში არჩევნების მოახლოება ყველაზე თვალსაჩინოდ მედიაში და განსაკუთრებით, ტელემედიაში იგრძნობა. ეს ალბათ ბუნებრივიც არის, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ქართულ ტელევიზიებს მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული პოლიტიკური სიმპათიები და არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იციან, რომელ გუნდში თამაშობენ. მეტიც - საზოგადოება ძალიან კარგად გრძნობს, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნის ესა თუ ის ტელევიზია და ამაში ერთი შეხედვით თითქოს კატასტროფულიც არაფერია; პოლიტიკური პოზიცია, რასაც ჟურნალისტები უფრო ხშირად სარედაქციო პოლიტიკის სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, არ არის უცხო ან მიუღებელი მოვლენა დასავლურ მედიაში;


მიუხედავად ამისა, არსებობს საფრთხეები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და არ უქმდება მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ ანალოგიური საფრთხეები ევროპასა და ამერიკაშიც შეინიშნება.


პირველი და ყველაზე მკაფიო საფრთხე, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ტელემედიის გადაჭარბებული პოლიტიზება და პოლიტიკური აფილაციის მაღალი დონე ქმნის, არის საზოგადოების რადიკალური პოლარიზაციის ხელშეწყობა. ამ დროს მედია, იმის ნაცვლად, რომ ასრულებდეს ერთგვარი კომუნიკატორის და ინფორმაციის გადამტანის როლს ერთმანეთთან ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის, სამწუხაროდ, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ დაპირისპირებას და თავად გვევლინება რადიკალიზაციის მაპროვოცირებელი ინსტიტუტის როლში.


მაგალითად, თუ თვალს გადავალებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ტელემედიების სტრატეგიას (2019 წლის ივლისამდე - „რუსთავი2“, იმავე წლის სექტემბრიდან - „მთავარი არხი“) ადვილად შევამჩნევთ, რომ 2020 წლის საარჩევნო მარათონის დაწყებისთანავე, რაც დროში, ფაქტობრივად, „მთავარი არხის“ ეთერში გასვლას ემთხვევა, არხის სტრატეგია საგრძნობლად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ „მთავარი არხის“ სახით დღეს სახეზე გვაქვს ფორმის მხრივ კიდევ უფრო რადიკალური ტელევიზია, ვიდრე „ძველი რუსთავი-2“ იყო, ხოლო შინაარსის თვალსაზრისით, პარტიასთან აფილაციამ კიდევ უფრო ღია და დემონსტრაციული სახე მიიღო.


აღნიშნული პროცესის საილუსტრაციოდ შეიძლება თვალი გადავავლოთ არხის პოლიტიკური გადაცემების (უფრო კონკრეტულად - ე.წ. „თოქშოუს“) სეგმენტს. „ძველი რუსთავი2“-ის შემთხვევაში არხის მთავარ პოლიტიკურ თოქშოუდ, როგორც წესი, ითვლებოდა გიორგი გაბუნიას „არჩევანი“, სადაც რასაკვირველია, ყოველთვის ნათელი იყო როგორც არხის, ისე თავად ჟურნალისტის პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ მედიაეთიკის ზოგადი პრინციპებისადმი ხარკის გადახდის, ან კიდევ სხვა მიზეზების გამო, რომელთა შესახებ ალბათ უფრო ზუსტად მხოლოდ არხის მენეჯმენტმა უწყის, დისკუსიაში თუნდაც ფორმალურად და თუნდაც ზოგჯერ მაინც იყო წარმოდგენილი საპირისპირო აზრი და პოზიცია.


ამ ყველაფრის შედეგად კი იქმნებოდა შესაძლოა, გადაჭარბებული და მთლიანობაში არასრული, მაგრამ მაინც გარკვეული საფუძვლის მქონე შთაბეჭდილება, რომ ამ არხზე შესაძლებელია მოუსმინონ მათაც, ვინც არხის მესვეურებისგან განსხვავებულად ფიქრობს. ასეა თუ ისე, ამ რეალობისგან განსხვავებით, „მთავარმა არხმა“ არ შეინარჩუნა „ძველი რუსთავი2"-სთვის დამახასიათებელი ეს შტრიხი და აქცენტი ფაქტობრივად მთლიანად გადაიტანა ე.წ. „სარედაქციო ტიპის“ გადაცემებზე, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა თამაში ცალ კარში და ისიც საკუთარ მოედანზე.


აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „მთავარი არხი“ ამჯერადაც დღის წესრიგის და სტილის განმსაზღვრელი აღმოჩნდა მთელი ქართული მედიისთვის, რადგან ამავე პერიოდში ანალოგიური პროცესები მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვითარდებოდა სხვა მედიებშიც.


მაგალითად, თუ დავაკვირდებით „ძველი რუსთავი2"-ის „ისტორიული კონკურენტის“, „იმედის“ პოლიტიკური გადაცემების ზოლს, დავინახავთ, რომ ისეთი გადაცემების წილი, როგორიც იყო ვთქვათ, ირაკლი ჩიხლაძის „პირისპირ“, სადაც მიმდინარეობდა განსხვავებულ პოზიციაზე მყოფ ჯგუფებს შორის არგუმენტების გაცვლა და კამათი, შემცირდა, ხოლო არხის პოლიტიკური პოზიცია, შესაბამისად, უფრო გამოიკვეთა.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქართული მედია დე-ფაქტო უკვე იმყოფება საარჩევნო რეჟიმში, ხოლო თუ დავაკვირდებით მედიის რადიკალიზაციის ხარისხს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ უშუალოდ საარჩევნო პერიოდში მედია და შესაბამისად, საზოგადოება კიდევ უფრო პოლარიზებული და დაძაბული იქნება.


მედიაში ამის მანიშნებელია ე.წ. ჩაკეტილი წრეების წარმოშობა, როცა ჟურნალისტი, სტუმარი და მაყურებელი ფაქტობრივად ერთსა და იმავე პოზიციას წარმოადგენენ და ერთად აკრიტიკებენ სხვა „ჩაკეტილ წრეებს“, რომლებიც განსხვავებული პოზიციის ირგვლივ, სხვა მედიასაშუალებებში არის ჩამოყალიბებული.


და ბოლოს - არსებობს მოსაზრება და მთელი თეორიაც კი, რომ სანამ ნებისმიერ პოზიციას (იგულისხმე - პოლიტიკურ ძალას) აქვს საშუალება, ჩამოაყალიბოს საკუთარი მედია, საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან თეორიულად ყველას აქვს საშუალება, საკუთარი სათქმელი მიიტანოს საზოგადოებამდე, ხოლო საზოგადოებას აქვს არჩევანის საშუალება;


თუმცა რეალურად, მედიის რადიკალური პოლარიზაცია საკმაოდ სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს, პირველ რიგში სწორედ საზოგადოებისთვის; რადგან ერთი მხრივ, ხელს უწყობს რადიკალიზაციას საზოგადოების შიგნით, ხოლო მეორე მხრივ, თუნდაც ყველა პარტიას ჰქონდეს „საკუთარი“ ტელემედია, პარტიებისა და მათი იდეური მხარდამჭერების ჯამი მაინც ყოველთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია მთელ საზოგადოებაზე, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი ან არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს, ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის დროს იღებს გადაწყვეტილებას.


თავისთავად ცხადია, რომ პოლიტიკურად რადიკალიზებული და პარტიულად მიკერძოებული მედიაგარემო განსაკუთრებით ტოქსიკურად მოქმედებს სწორედ ამ, ე.წ. „უპარტიო“ ელექტორატზე, რომლის წილი სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოშიც ძალიან დიდია; ეს ადამიანები მედიისგან ელოდებიან არა პროპაგანდას, არამედ ობიექტურ ინფორმაციას იმისთვის, რომ შეადარონ რეალური პროგრამები და მიიღონ კონკრეტული გადაწვეტილებები.




ზვიად ავალიანი
  • 2
  • 2151
0 Comments