წითელი ვერსია
  • 3
  • 4931

ქართული მედიის ორი (შავ-თეთრი) ელფერი

31 მარტი 2022

უკვე დიდი ხანია, ყველა მივეჩვიეთ, რომ მეტნაკლებად ობიექტური სურათის დასანახად სულ მცირე, ორ არხზე მაინც უნდა გადავრთოთ, მიღებული ინფორმაცია ავწონ-დავწონოთ და საშუალო არითმეტიკულით, რეალობა გამოვიყვანოთ. ეს ამოცანა შედარებით მარტივია, როცა საქმე პოლიტიკას და, ზოგადად, „თქვი-თქვა-ს“ ეხება, მაგრამ, აბა უფრო რთულად გასაგები ეკონომიკური თემები წარმოვიდგინოთ!


ვშიშობ, ზუსტად ასე, ვერაფერი გაიგო რიგითმა მაყურებელმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის თაობაზე, თუ 30 მარტს „მთავარი არხის“ და „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს უყურა.


მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი „მთავარზე“


„დღეიდან 192 ათას ადამიანს, რომელსაც სესხი ლარში აქვს აღებული, ცხოვრება კიდევ გაუძვირდა, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნქტით გაზარდა და უკვე 11%-ს შეადგენს, შესაბამისად, მოიმატა გადასახდელმა თანხამაც“- ასე იწყება სიუჟეტი „მთავარ არხზე“.


ლოგიკურია, რომ ამ ტექსტის მიხედვით, ან დაზარალებული „გმირის“ ისტორია უნდა მოგვესმინა, ან ეროვნული ბანკის განმარტება, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ყოველი სხდომის შემდეგ ვრცელდება - ეს ავტორის გემოვნების საკითხია. ჟურნალისტმა გადაწყვიტა, ხალხში გასულიყო და ე.წ. „ვოქს პოპული“ ჩაეწერა, თუმცა, კითხვა, როგორც ჩანს, იმდენად ზოგადი იყო, რომ შესაბამისი პასუხი მიიღო - „გაწყდა ხალხი“, „ფასები იმდენად გაძვირებულია, რომ ნახევარ-ნახევარ კილოგრამ პროდუქტს ძლივს ყიდულობენ“, და ა.შ. - არცერთი კონკრეტული დაზარალებული თემაზე, ანუ ვისაც სესხი გაუძვირდა.


იმედი, რომ ამის შემდეგ მაინც ვიხილავდი ეროვნული ბანკის განმარტებას, გამიცრუვდა: სიუჟეტის დანარჩენი ნაწილებიც მთლიანად ეთმობოდა გაუფასურებულ ლარს, რეკორდულად გაძვირებულ საწვავს და პირველადი მოხმარების პროდუქციას, მზარდ ეკონომიკურ კრიზისს და ისევ ქუჩის გამოკითხვას, ამჯერად უფრო აბსურდული კომენტარებით: „ამბობენ, საზღვარგარეთ სესხებზე უფრო დაბალი პროცენტებია“, „მთავრობა უპროცენტო გრძელვადიან სესხებს დაგვპირდა და ეს დაპირებები „გაცრუვდა“.


მოდი, ვაღიაროთ:


1. სესხის სიძვირე დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რაც უფრო მაღალია ქვეყანაში რისკი, მით მაღალია სესხის მომსახურება;


2. უპროცენტო სესხი ბუნებაში არ არსებობს. არსებობს მეწარმეობის წამახალისებელი პროგრამები, თუმცა, ესეც დიდი დათქმებით.


შესაძლოა, ქუჩაში გამვლელმა ეს ანბანური ჭეშმარიტება არ იცოდეს, მაგრამ ჟურნალისტმა უნდა შეძლოს ინფორმაციის გაფილტვრა, არასწორი წარმოდგენებისა და მოლოდინების თავიდან ასაცილებლად.


თუმცა, როგორც ჩანს, სიუჟეტის მიზანი თემის ეკონომიკური განხილვა არც ყოფილა. სამაგიეროდ, უხვად იყო წარმოდგენილი მანიპულაცია და ფაქტობრივი უზუსტობა.


ავტორმა აღნიშნა, რომ ინფლაციის დონე „უმაღლეს ნიშნულზეა“, რეფინანსირების განაკვეთი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია, მაგრამ ეროვნული ბანკი „ამაში პრობლემას ვერ ხედავს“.


სინამდვილეში:


1. ინფლაციის დონემ 90-იანი წლების ბოლოს 60%-საც მიაღწია, საკმაოდ მაღალი იყო 2011 წლის ცალკეულ თვეებში (11,2%-14,3%);


2. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ინფლაციის შესაჩერებლად ეროვნული ბანკის ხელში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტია;


3. საინტერესოა, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა ეკონომიკამ - აშშ-მა რეფინანსირების განაკვეთი 17 მარტს გაზარდა, პირველად სამი წლის განმავლობაში (0.25%-ით). არ გვაწყენდა საკუთარი ისტორიის გახსენებაც უახლესი წარსულიდან: 2008 წელს აგვისტოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, როცა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა 12%-მდე გაზარდა;


4. სიუჟეტში ხშირად იყო აპელირება ეკონომისტებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, ხელისუფლების და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. თუმცა, ორი ექსპერტის ინტერვიუდან ერთი არგუმენტიც ვერ მოვისმინეთ;


5. ყოველგვარ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს იყო მოწყვეტილი სიუჟეტის ფინალი - ცხოვრების გაძვირების ერთიან კალათაში მერიის გადაწყვეტილების გადასროლა, რომელიც ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის საფასურის 60 ლარიდან 150 ლარამდე გაზრდას ეხებოდა.


ნეტარი „იმედი“


გამიჭირდება „იმედის“ პროფესიონალიზმის შეფასება, რადგან ამ საკითხის გაშუქება მთავარ გამოშვებაში, უბრალოდ, არც უფიქრიათ; თემის, რომელიც, სულ მცირე, 190 ათას მოქალაქეს ეხება! სამაგიეროდ, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ლარის უმნიშვნელო გამყარება და მთელი ხუთი წუთი დაეთმო საკურას ყვავილობას იაპონიაში.



ფოტო „მთავარი არხი“


ნატა მინდელი
  • 3
  • 4931
0 Comments