წითელი ვერსია
  • 0
  • 2676

ინფორმაციის სახით გავრცელებული პოლიტიკური ბრალდებები

16 აპრილი 2021

საერთაშორისო მოვლენების გაშუქებისას ქართული ტელემედია ინფორმაციას ხშირად ისეთი აქცენტებით აშუქებს, რომ „ნიუსი“ არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ფიგურის ან გუნდის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს მიმართ წაყენებული „ბრალდების“ და დისკრედიტაციის სახეს იღებს.


ამგვარი გაშუქების მაგალითია ტელეკომპანია „ფორმულის“ ვებგვერდზე 15 აპრილს გამოქვეყნებული მასალა სათაურით: „უკრაინაში ბალტიის საგარეო მინისტრები მხარდასაჭერად ჩავიდნენ, ზალკალიანი ვიზიტს არ შეუერთდა“.


ინფორმაციის შინაარსი ეხება რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ძალის კონცენტრირების ფონზე ბალტიის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს კიევში, უკრაინის სიმბოლური მხარდაჭერის მიზნით.


„ფორმულა“ ამ ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობაში საყვედურს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. კერძოდ, ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „დონბასში რუსი სამხედროების მიერ ვითარების მიზანმიმართულად ესკალაციის გამო, უკრაინის მხარდასაჭერად ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრები კიევში ჩავიდნენ და კრემლის ქმედებები სიმბოლურად, ერთობლივად დაგმეს - ვიზიტს არ შეუერთდა საქართველოს საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანი.“


მიუხედავად ამ პოლიტიკური შინაარსის პრეტენზიისა, მკითხველისთვის გაურკვეველი რჩება კონკრეტულად რაში მდგომარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად, დავით ზალკალიანის „დანაშაული“. მაგალითად - მასალიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო ბალტიის სახელმწიფოებს მიეკუთვნებოდეს და ამიტომ ზალკალიანიც კიევში აუცილებლად ესტონელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად უნდა ჩასულიყო. „ფორმულა“ ასევე არაფერს გვეუბნება იმის შესახებაც, თუ როგორ დაიგეგმა ვიზიტი და შესთავაზეს თუ არა საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობა.


რეალურად, როგორც უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებიდან ვიგებთ, ერთობლივი ვიზიტი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა და დაგეგმილი იყო სწორედ რეგიონულ კონტექსტში - ანუ ითვალისწინებდა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ, სიმბოლურ მხარდაჭერას.


შესაბამისად, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ არც საქართველოს და არც უკრაინის სხვა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ბალტიის რეგიონს არ მიეკუთვნებიან. მიუხედავად ამისა, „ფორმულა“ სრულად უგულებელყოფს ამ კონტექსტს და ინფორმაციის სახით გვთავაზობს ბრალდებებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეალურად კი მთლიანად სახელწიფოს მიმართ.


აღსანიშნავია, რომ ვიზიტის გარდა „ფორმულის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ასევე მიმოხილულია საქართველოს პოზიცია უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუმცა მედიასაშუალება აქაც ინფორმაციის ნაცვლად, ძირითადად, პოლიტიკურ ბრალდებებს გვთავაზობს.


„ქართული მხარე უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო კამპანიაში აღსანიშნავად პასიურია“ - ვკითხულობთ „ინფორმაციაში“, სადაც გასული წლის მაისში უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოძახების ფაქტიც „ელჩის გამოწვევად“ არის წარმოდგენილი, რაც დიპლომატიურ ურთიერთობებში გაცილებით მწვავე ნაბიჯად მიიჩნევა.


ამასთან, ტელეკომპანიას საკუთარ მიმოხილვაში, რომელიც პოლიტიკურ განცხადებას უფრო ჰგავს, საერთოდ არ უხსენებია ელჩის გამოძახების მიზეზი, ანუ საქართველოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად.


დაბოლოს - „ფორმულა“ ასევე აღნიშნავს, რომ „ხელისუფლებამ დონბასში ვითარების საგრძნობი ესკალაციის პირველსავე დღეებში უკრაინას მხარდაჭერა არ გამოუცხადა, კრიტიკის შემდეგ კი, მინისტრი ზალკალიანი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრით და უაღრესად ფორმალური (?!) განცხადებით შემოიფარგლა.“


ნიშანდობლივია, რომ ამ კონტექსტში ტელეკომპანიის ყურადღება ვერ დაიმსახურა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარმა, რომელიც ამავე დღეს - 15 აპრილს გაიმართა, ხოლო ინფორმაცია საუბრის შინაარსის შესახებ („ფორმულის“ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე) გაავრცელეს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის პრეზიდენტების ოფიციალურმა ვებგვერდებმა.


ორივე ოფიციალური წყარო იუწყება, რომ პრეზიდენტებმა ისაუბრეს დონბასში ვითარების ესკალაციაზე, ხაზი გაუსვეს საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას, ორივე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და ასევე, განიხილეს უკრაინაში სალომე ზურაბიშვილის მომავალი ვიზიტის საკითხიც.


ამ ფონზე, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ფორმულას“ საკუთარ მიმოხილვაში ასევე „ავიწყდება“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 8 აპრილის განცხადებაც, რომელშიც „აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებითა და კრემლის აგრესიული რიტორიკის“ გამო შეშფოთებაა გამოთქმული.


ამგვარად, მასალაში, რომელიც კიევში ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ვიზიტს ეხება, მკითხველმა რეალურად მიიღო არა ინფორმაცია, არამედ პოლიტიკური ბრალდებები უკრაინის პრობლემების მიმართ საქართველოს ხელისუფლების გულგრილობის შესახებ.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2676
0 Comments