წითელი ვერსია
  • 4
  • 2792

იაფი = სანქცირებულს? ანუ ტვ „პირველის“ ალოგიკური ლოგიკა

03 მაისი 2022

არაფერი ისე კარგად არ ახასიათებს ქართულ მედიას, როგორც ცნობილი გამონათქვამი მექოთნეზე, რომელიც ქოთანს ყურს საითაც უნდა, იქით გამოაბამს. ამ მხრივ, ერთ-ერთი უდავო ლიდერი ტვ „პირველია“, ყველაზე საყვარელი და იოლად სამანიპულაციო თემა კი - სანქციები.


2 მაისს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ რომ „ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა და ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე“, - ისეთი ინტერპრეტაციით გავრცელდა, რომ მაყურებელმა საბოლოოდ დამახინჯებული რეალობა მიიღო.


ტვ „პირველის“ მთავარ გამოშვებაში ეს თემა წამყვანებმა მყვირალა (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) ტექსტით წარადგინეს, რომლის მიხედვით, „ღარიბაშვილმა ნავთობკომპანიებზე იერიში მიიტანა“, „აიძულებს მათ რუსული სანქცირებული ბენზინი გაყიდონ“ და ხელისუფლება მზად არის, რუსული ნავთობპროდუქტებისთვის „კარი ფართოდ გააღოს“ და „ქვეყანა ახალ რეალობას მოარგოს“.


როგორც წამყვანებს, ასევე ჟურნალისტსაც, რომელმაც თემა მოამზადა, განგებ თუ უნებლიეთ, ცნებები აერიათ.


სიტყვების კომბინაცია: „სანქცირებული რუსული ნავთობი“ და „სანქცირებული რუსეთი, საიდანაც ნავთობი შემოდის“, თავისი შინაარსით, ერთი და იგივე საერთოდ არ არის.


რუსეთის წინააღმდეგ მართლაც დაწესებულია სანქციები ცალკეული ქვეყნების (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების) მიერ ცალკეულ კომპანიებზე, ინდივიდუალურ პირებსა და სასაქონლო ჯგუფებზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში აქტიურად მიდის მუშაობა რუსული ნავთობის ემბარგოზე, ენერგომატარებლები ჯერ სანქციებს არ ექვემდებარება.


ერთი შეხედვით უწყინარი შეცდომა, სინამდვილეში, აბსოლუტურად ცვლის რეალობას.


წამყვანები და ჟურნალისტი აღნიშნავდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „წუხს“, რატომ არ აისახა საქართველოში ბოლო დროს შემოტანილი იაფი საწვავი ბენზინგასამართი სადგურების „ტაბლოებზე“. მათი მტკიცებით, იაფ ბენზინსა თუ დიზელში პრემიერი სწორედ რუსული წარმომავლობის ნავთობს გულისხმობდა.


ჟურნალისტი შესაბამის რესპონდენტებზე დაყრდობით აღნიშნავდა, რომ ენერგომატარებლების ძირითადი მომწოდებელი ევროპაა, სადაც კვლავ მაღალი ფასები ფიქსირდება. გაკვრით ნახსენები იყო თურქმენეთიც, თუმცა, ამ მიმართულებას არ ჩაძიებია.


პათოსის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას სურს, ქვეყანა რუსულ ნავთობზე დამოკიდებული გახადოს, ჟურნალისტს არ აწყენდა, ადგილობრივ და საერთაშორისო სტატისტიკაში ჩაეხედა:


- გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული საწვავის 19,3% (თითქმის ერთი მეხუთედი), 221 ათას ტონაზე მეტი, რუსეთიდან განხორციელდა და იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეორე ადგილი დაიკავა. ლიდერი ამ მხრივ, თურქმენეთი იყო (21,3%). მესამე ადგილზე 18,8%-ით აზერბაიჯანია (216 ათასი ტონა), მას მოსდევს რუმინეთი (17,8%) და ბულგარეთი (14,6%).


- ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების მეექვსე პაკეტის ამოქმედებაზე მუშაობა მიმდინარე კვირას დაიწყო. მისი ერთ-ერთი ამოცანა სწორედ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაა. ევროკავშირის იმპორტის 25% რუსულ საწვავზე მოდის. ბლოკში შემავალი ქვეყნების მიხედვით, ეს მაჩვენებელი საკმაოდ განსხვავებულია, რის გამოც სანქციების დაწესებას ცალკეული წევრები ეწინააღმდეგებიან. მათ შორისაა, სლოვაკეთი (დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე 96%-ით) და უნგრეთი (58%-ით). მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მათთვის გამონაკლისი დაუშვან. თავად გერმანია, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვის მომხრეა, ფიქრობს, რომ ამას 2022 წლის ბოლომდე შეძლებს.


ნატა მინდელი
  • 4
  • 2792
0 Comments