წითელი ვერსია
  • 5
  • 2171

ეკონომიკური რეიტინგების მანიპულაციური გაშუქება „იმედზე“

17 მარტი 2023

”მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსის რეიტინგით, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს” - ასე წარადგინა 16 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა სიუჟეტი, რომელიც საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2023“-ის შედეგებს მიეძღვნა.


„იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, ხორვატია, უნგრეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, - ეს არასრული ჩამონათვალია, რომელთაც საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით უსწრებს“ - ვრცელი სია ჩამოთვალა რეპორტაჟში ჟურნალისტმა და კვლევაში მონაწილე 184 ქვეყნიდან საუკეთესო ორმოცეული გამოყო, სადაც ჩვენმა ქვეყანამ 35-ე ადგილი დაიკავა.


როგორც სიუჟეტში ითქვა, კეთილსინდისიერების ინდექსი მექრთამეობის რისკის, კორუფციის კონტროლისა და აღქმის კვლევას მოიცავს; საქართველომ 100-ქულიანი შეფასებიდან 62,9 ქულა მიიღო, ეს შედეგი კი ბოლო ათი წლის განმავლობაში 31 ქულით გააუმჯობესა.


ამ საკითხზე სიუჟეტში ერთხმად საუბრობდნენ რესპონდენტები - აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ასევე ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტები.


კომენტარებში ითქვა, რომ „საქართველო უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე არასდროს ყოფილა ასეთი განვითარებული ქვეყანა“, „ეს შედეგი გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა“ და „სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, ეფექტიანი და გამჭვირვალე, იმისთვის, რომ მართოს ეკონომიკური პროცესები“.


რესპონდენტთა ნაწილი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველომ ბოლოსდაბოლოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად უნდა მიიღოს.


სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტმა გაკვრით ახსენა კვლევაში დაფიქსირებული „გარკვეული უკუსვლები“, რომლებიც, რეალურად, 2020-2021 წლებს, ანუ პანდემიური და პოსტპანდემიური პერიოდის პრობლემებს მოიცავდა. თუმცა, როგორც ექსპერტი ანდრია გვიდიანი აღნიშნავდა, 2022 წელს გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები და მომდევნო კვლევაში „კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იქნება ეკონომიკური თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსი“.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტის გასვლამდე მთავრობამ სოციალურ ქსელში დაახლოებით ამავე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.


სინამდვილეში:


„მთავრობის კეთილსინდისიერება“ Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მხოლოდ ერთ-ერთი მდგენელია. ინდექსი თორმეტ კომპონენტს მოიცავს და ქვეყნის შეფასებისას ყველა მათგანს თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება.


ჟურნალისტს მათი არსებობა არც უხსენებია. არადა, ზემოხსენებული თორმეტი მდგენელიდან რვაში - მდგომარეობა გაუარესდა. მათ შორის, - საკუთრების უფლების, სასამართლოს ეფექტიანობის, სახელმწიფო ხარჯების, ბიზნესის, მონეტარული და ვაჭრობის თავისუფლების, ასევე ფისკალური სიჯანსაღის კუთხით (ამ უკანასკნელის ინდექსი 20 პუნქტით შემცირდა, რაც დიდი ალბათობით, პანდემიის დროს ლოქდაუნს და სახელმწიფოს გაზრდილ ხარჯებს უკავშირება). ორი კომპონენტი - საგადასახადო ტვირთი და ინვესტიციების თავისუფლება - უცვლელი დარჩა, მცირედით გაუმჯობესდა შრომის უფლებების და ფინანსური თავისუფლების მაჩვენებელი.


უფრო მეტიც, - „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსი, რომელიც ჟურნალისტმა საქართველოს წარმატების მაგალითად მოიტანა, 2020 წლიდან მოყოლებული უმნიშვნელოდ (2 ქულით), მაგრამ მაინც იკლებს.


კიდევ უფრო მეტი - „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“, რომელიც მთლიანობაში გამოხატავს ქვეყნის მდგომარეობას, 2021 წლიდან დღემდე 77,2 ქულიდან 68,2 ქულამდე შემცირდა; გასულ წელთან შედარებით, ქვეყანამ „უმეტესად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ზომიერად თავისუფალში“ გადაინაცვლა, ხოლო რეიტინგში 26-ე ადგილიდან 35-ზე აღმოჩნდა.


და კიდევ უფრო მეტიც, - პირდაპირი კავშირი აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის რეიტინგსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებ ვალდებულებებს შორის უბრალოდ არ არსებობს.


ნატა მინდელი
  • 5
  • 2171
0 Comments