წითელი ვერსია
  • 2
  • 6737

ექიმების, პოლიციისა და ჟურნალისტების ლანძღვა „მთავარ აქცენტებში“

09 ნოემბერი 2020

სიძულვილის ენა, პერსონალური ბულინგი, სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ბილწსიტყვაობა, ინფორმაციის დამალვა, დეზინფორმაცია და მკვეთრად პოლიტიკური მიკერძოება − ეს ყველაფერი „მთავარი არხის“ მაყურებელმა 8 ნოემბრის ღამეს, ერთ გადაცემაში იხილა და მოისმინა.


ამ ღამეს „მთავარი აქცენტები“ მიეძღვნა ოპოზიციის აქციასა და მისი მონაწილეების პოლიციასთან შეტაკებას, რომლის მსვლელობაშიც მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ თითქოს წინასწარ გაიმართლა თავი, ემოციებს ვეღარ ვმალავო, შემდეგ კი გადაცემის მეორე წამყვანთან, ნიკა გვარამიასთან ერთად წარმოუდგენელი ზიზღი და სიძულვილი აფრქვია ყველასა და ყველაფრის მიმართ, ვინც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს.


წამყვანებმა ამირან გამყრელიძესა და თენგიზ ცერცვაძეს ბრალი დასდეს პროფესიულ უნამუსობაში და ამის დასტურად წარმოგვიდგინეს ამირან გამყრელიძის სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ჩვეული თავშეკავებით პასუხობს ჟურნალისტის დაჟინებულ შეკითხვებს იმაზე, შეუწყობს თუ არა ხელს კოვიდ-19-ის გავრცელებას წყლის ჭავლი.


აღსანიშნავია, რომ ექიმებს არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული, რომ ნებისმიერი მასობრივი თავშეყრა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სახიფათოა, შესაბამისად ამ შეკითხვის მიზანი იყო მიტინგის ორგანიზატორთა „გათავისუფლება“ პასუხისმგებლობისგან ეპიდემიის შესაძლო აფეთქებაზე და ამ პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე გადატანა. ამ პროვოკაციული კითხვის პასუხად გამყრელიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ შეფასებებს არ იძლევა. სწორედ ამას მოჰყვა გვარამიას უმძიმესი, შეურაცხმყოფელი პასაჟი:


„ჩემთვის ეს ორი არაკაცი საინტერესო უკვე აღარ არის! მათ კომპეტენციაზე მსჯელობა უკვე ზედმეტია; იმიტომ, რომ ვნახეთ, რომ მათ კომპეტენციას და კომპეტეტენტურობას რაც მიეკუთვნებოდა, ის სრულიად ჩავარდნილი და ფარჩაკია! ორივე და მესამეც (პაატა იმნაძე) და ყველა, ვინც ამაზე მუშაობდა. ქართულმა სამედიცინო სისტემამ წააგო კოვიდთან, თან წააგო კატასტროფიულად და ეს ორი კაციც და მესამეც, და ქალებიც, ვინც მათთან ერთად არიან, არიან ფარჩაკები! ეს ცხადია, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით ფარჩაკობას და პროფესიულ ფარჩაკობას, პოლიტიკა რომ მათი საქმე არ არის თურმე, ეს ორი კაცი გვეუბნება, რომლებიც ყველა პირველ რიგებში იჯდა „ოცნების“ პრეზენტაციაზე! ამ დროს ორივე გამოვიდა მანამდე და თქვა, რომ მიტინგები სასიკვდილო საფრთხეს ქმნისო!.. ორი არაკაცი პირდაპირი მნიშვნელობით, ხალხო, სახელი თუ არ დავარქვით ყველაფერს, აზრი არა აქვს ეგრე. ორი არაპროფესიონალი და არაკაცი! პირდაპირი მნიშვნელობით. სამედიცინო ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ორი პოლიტიზირებული ნაძირალა!“ - გამოაცხადა პირდაპირ ეთერში


ამის შემდეგ „სახელების დარქმევა“ გაგრძელდა, ამჯერად − პოლიციის მისამართით: „ფურთხის ღირსია ეს პოლიცია!“, „ბიძინას მონები“, „ნაძირლების თავშესაფარი“ − ეს მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია იმ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიდან, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისგან რომ მოვისმინეთ. მისივე თქმით, მას არ აქვს პოლიტიკოსებივით „პრანჭვა-გრეხის ვალდებულება და მიხვევ-მოხვევის გარეშე“ იტყვის იმას, რაც ენაზე მოადგება.


მაგალითად, ასე „მოადგა ენაზე“ და გამოაცხადა, რომ (ბოდიშს ვუხდით მკითხველს ციტირებისთის) „ოცნებამ“ „ახალი მძ[.]ნერი ამოატივტივა“ (აქ იგი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ახალ სახეს გულისხმობდა), შემდეგ კი ჯერი იმ ჟურნალისტებზე მიდგა, ვინც გვარამიასა და კვესიტაძის პოლიტიკურ გემოვნებას არ აკმაყოფილებს.


აღსანიშნავია, რომ „იმედისა“ და „პირველი არხის“ თანამშრომლები ჯერ კიდევ უშუალოდ აქციის დროს გახდნენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თავდასხმის სამიზნე, ღამის ეთერში კი ეკა კვესიტაძემ კორესპონდენტებს „უსახელო მონები“ უწოდა და განაცხადა, რომ „მათ მაგივრად ძალიან რცხვენია“.


გადაცემაში წამყვანთა მიერ პროფესიული ეთიკისა (და, საერთოდ, ყოველგვარი ეთიკის!) დარღვევა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ლანძღვა-გინებით. წამყვანები მთელი გადაცემის მანძილზე ჯიუტად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას პოლიციის მიერ „მხუთავი აირის გამოყენებისა“ და „წყალში გარეული სპეციფიური გაზის“ შესახებ; სამაგიეროდ, ისინი გულმოდგინედ მალავდნენ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ცესკოს ტერიტორიაზე შეჭრა და ინფრასტრუქტურის დარბევა. მათ „მოქნილად“ აუარეს გვერდი საკუთარ კადრებსაც კი, სადაც კარგად ჩანდა, როგორ ისროდნენ უზარმაზარ ქვებს მომიტინგეები და როგორ ცდილობდა პოლიცია „მთავარი არხის“ რეპორტიორის განრიდებას ამ ქვათაცვენისგან.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „მთავარი აქცენტების“ წამყვანებმა 8 ნოემბერს ზუსტად შეასრულეს ის დავალება, რაც მათ სატელეფონო ჩართვისას მისცა მიხეილ სააკაშვილმა: „ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართზე უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ, ერთ ადგილზე რატომ უნდა შევეტაკოთ? უნდა ყველა მიმართულებით გავუხსნათ ფრონტი... დავარცხვინოთ თითოეული ამ ჩაფხუტის უკან მდგომი, ოჯახის წევრებს დაველაპარაკოთ, ავუხსნათ ყველანაირად, ყველა მხრიდან!“


მადლობა, ბატონო მიშა, გასაგებია ყველაფერი!“ − იყო პასუხი ეთერიდან, რაც, სავარაუდოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ „მთავარ არხზე“ მომავალშიც გაგრძელდება სამართალდამცველების, მათი ოჯახის წევრებისა და სხვა „პოლიტიკური სამიზნეების“ ბულინგი.


ლელა კურდღელაშვილი
  • 2
  • 6737
0 Comments