წითელი ვერსია
  • 67
  • 4479

დანაშაულების სერია ჰომოფობიურ ნიადაგზე?

18 ივლისი 2021

მიმდინარე წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისა და შექმნილი ფსიქო-ემოციური ფონის გათვალისწინებით, მედია უკიდურესად ფრთხილად უნდა მოეკიდოს დაუდასტურებელი ცნობების გავრცელებას. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღებით გადამოწმებას საჭიროებს ინფორმაცია სექსუალური იდენტობის, ორიენტაციის ან ამ საკითხების ირგვლივ კამათის ნიადაგზე მომხდარი დანაშაულების შესახებ, რადგან ნებისმიერმა არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, კიდევ უფრო დაძაბოს საერთო ფონი და უარყოფითად აისახოს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტზე.


მიუხედავად ამისა, განვლილი ორი კვირის განმავლობაში ქართულ მედიაში უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, რომლებიც შეიძლება შევაფასოთ, როგორც უპასუხისმგებლო უყურადღებობა ან სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვისა და დრამატიზების ცდა.


„მკვლელობა გრძელი თმისა და ქოლგის გამო? - რუსთავში 27 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მისი მეგობარიც“- ასე დაასათაურა TV „პირველმა“ თავის ვებგვერდზე 15 ივლისს გამოქვეყნებული სტატია, სადაც ავტორი გვაუწყებს, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს „აბულაძისა და მისი მეგობრის გარეგნობა არ მოეწონა, რადგან ერთს გრძელი თმა ჰქონდა, მეორეს კი ქოლგა ეჭირა.“


აღსანიშნავია, რომ სტატიაში დაკონკრეტებული არ არის არც რესპონდენტთა ვინაობა და არც ის, თუ ვინ ესაუბრა მათ. ასევე არ ჩანს, სცადა თუ არა სტატიის ავტორმა ამ ვერსიის გადამოწმება ოფიციალურ უწყებებში. იქვე მოყვანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, სადაც არაფერია ნათქვამი მკვლელობის მოტივზე.


ვერსია, თითქოს ჩხუბისა და მკვლელობის მიზეზი გარეგნობა და ჩაცმულობა გახდა, კიდევ უფრო კატეგორიული და მტკიცებითი ფორმით მიაწოდა თავის აუდიტორიას „მთავარმა არხმა“, რომელმაც რუსთავში მომხდარი დანაშაული 15 ივლისს ორჯერ გააშუქა − 18 საათისა და 21 საათის საინფორმაციო გამოშვებებში.


დაუსჯელი და წახალისებული ძალადობის უმძიმესი შედეგი...“ ასე დაიწყო გამოშვების წამყვანმა ინფორმაციის გადმოცემა 18 საათის გამოშვებაში, სადაც ნათლად ჩანს მიმდინარე მოვლენების მიმართ არხის დამოკიდებულებაც და ჟურნალისტის განწყობაც. წამყვანის თქმით, მკვლელობა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ვიღაცას მოკლულისა და მისი მეგობრის გარეგნობა არ მოეწონა. ამის შემდეგ ჟურნალისტმა ასევე მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ ეს იყო „ჰომოფობიური განწყობებით მომხდარი დაპირისპირება“, თუმცა ორი რესპონდენტიდან, რომელთა კომენტარებიც სიუჟეტში იყო წარმოდგენილი, არცერთი არ იყო ამბის თვითმხილველი და შესაბამისად, ისინიც მხოლოდ სხვებისგან მოსმენილს იმეორებდნენ.


21 საათის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა ასევე მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ „სისხლიანი დანაშაული, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანება გასცა, სულ უფრო მასშტაბური ხდება და კრიმინალები და აგრესიულად განწყობილი ფანატიკოსები სრული დაუსჯელობის პირობებში ახალ დანაშაულს სჩადიან.“


როგორც სიუჟეტებიდან ჩანს, მკვლელობის მოტივის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადამოწმება არც „მთავარ არხს“ უცდია. მოგვიანებით მედიაში გავრცელებულ მოტივსა და ვერსიას შს სამინისტროს პრესსამსახურმა დეზინფორმაცია უწოდა.


ასეთი შინაარსის დაუდასტურებელი ინფორმაცია პირველად არ ვრცელდება და არასწორი ინფორმაცია მედიამ შეიძლება არა მხოლოდ სხვა მოქალაქეებისგან, არამედ თვითმხილველებისგანაც კი მიიღოს და გაავრცელოს.


მაგალითად, 5 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ პოლონელი ტურისტი, რომელიც ამ დღეს თბილისში დაჭრეს, „გეი ეგონათ“. „დღეს, მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. როგორც თვითმხილველმა ‘ფორმულას’ უთხრა, ის გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს“ − ვკითხულობთ ტელეკომპანიის ვებგვერდზე.


მოგვიანებით, ამ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა შს სამინისტრომ, რომელიც მედიამ ასევე გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს საერთოდ არ ჰქონია კავშირი 5 ივლისის აქციასთან, ხოლო დაკავებულის ოჯახის წევრთა განმარტებით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა და ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.


  • 67
  • 4479
0 Comments