წითელი ვერსია
  • 0
  • 2351

„ფრონტერას“ ფრონტი

17 ივლისი 2020

საქართველოში მოქმედი ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერასა“ და ქვეყნის ხელისუფლების ურთიერთობის გაშუქება ქართულ მედიაში იმის თვალსაჩინო ნიმუშად გამოდგება, როგორ შეიძლება მოვლენის ირგვლივ ინფორმაცია დაახვავო და ამავე დროს აუდიტორიამ ვერ გაიგოს, რეალურად რასთან აქვს საქმე.


დავიწყოთ თუნდაც მიმდინარე წლის აპრილით, როდესაც საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას აუწყა, რომ „ფრონტერას“ ჰააგაში საარბიტრაჟო დავა მოუგო, ხოლო „ფრონტერამ“ განაცხადა, რომ მთავრობის ინფორმაცია არასწორია და კომპანია შედეგებით კმაყოფილია.


ამ თემაზე „ნეტგაზეთის“ სტატიაში მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერია, რომ მთავრობამ „ფრონტერას“ საარბიტრაჟო სასამართლოში დავის უმრავლესი ნაწილები მოუგო, თუმცა, არ წერია მთავარი: დავის რა ნაწილები მოიგო მთვრობამ და რა − ვერა. არადა, სწორედ ამ ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა მნიშვნელოვანი აუდიტორიისათვის, რათა მოქალაქეები თავად გარკვეულიყვნენ, ვის მხარეს იყო სიმართლე და არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ გამოცემის მსჯელობაზე. მით უმეტეს, რომ გადაწყვეტილების ძირითადი პოსტულატები გამოქვეყნებულია და სავსებით შესაძლებელი იყო მკითხველისთვის მათი შეთავაზება; ოღონდ საამისოდ „ნეტგაზეთს“ გაზისა და ნავთობის კორპორაციისთვის უნდა მიემართა.


თუ თამასას კიდევ უფრო მაღლა ავწევთ, ალბათ, არც ის იქნებოდა ურიგო, აუდიტორიას სცოდნოდა, რას წარმოადგენს ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლო და ისიც, თუ საქართველოს გარდა სად საქმიანობს „ფრონტერა“ (თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში) და როგორი რეპუტაცია აქვს მას სხვა ქვეყნებში.


მაგალითად, ცნობილია, რომ 2017 წლიდან კომპანიამ მოლდოვაშიც დაიწყო საქმიანობა, მაგრამ იმავე წელს კომპანიის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევების გამო მოლდოვის სამოქალაქო სექტორმა ხელისუფლებას მოსთხოვა, გაეუქმებინა „ფრონტერასთვის“ ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე გაცემული კონცესიები.


თუმცა, დავუბრუნდეთ ჩვენს რეალობას. პოლარიზებული მედიასაშუალებები ამა თუ იმ თემაზე ინფორმაციას უმეტესწილად იმ ჯგუფების ინტერესთა გათვალისწინებით აშუქებენ, რომლებთანაც მსოფლმხედველური თუ ღირებულებითი კუთხით მეტი საერთო აქვთ, ან სულაც კონკრეტული მიზანი აერთიანებთ. შედეგად საზოგადოება სულ უფრო მეტად ექცევა ინფორმაციული კონფლიქტების აბლაბუდაში.


მაგალითად, მედიაში ვრცელდება „ფრონტერას“ წარმომადგენელთა ისეთი განცხადებები, სადაც ხელისუფლება ანტიდასავლურ ძალად არის წარმოჩენილი. ხშირია ელემენტარული ჟურნალისტური ეთიკის უგულებელყოფაც და კრიტიკის ობიექტს არც კი ეძლევა სერიოზულ პოლიტიკურ ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება.


მას შემდეგაც კი, რაც მთავრობამ გადაწყვიტა, კონფლიქტური სიტუაცია „ფრონტერასთან“ დიალოგით მოეგვარებინა, მედიასაშუალებათა ნაწილმა გააგრძელა ჩვეული პრაქტიკა, ანუ „ფრონტერას“ მხრიდან ხელისუფლების დამაკნინებელი განცხადებების ტირაჟირება პოლიტიკური ქვეტექსტით და მხარეების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება.


შედეგად, მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საკითხისადმი მაღალი ინტერესის მიუხედავად მედიამ, ფაქტობრივად, ვერ მოახერხა საზოგადობის საფუძვლიანი ინფორმირება. მაგალითად, გაუგებარი დარჩა „ფრონტერასთან“ ხელისუფლების დიალოგის განახლების რეალური მიზეზი, მით უმეტეს, საერთაშორისო არბიტრაჟში (მთავრობის მტკიცებით) მოგებული საქმის შემდეგ. ასევე გაურკვეველი დარჩა თავად იმ კომპანიის პოზიცია, რომელიც „მიღებული ზარალისთვის“ საქართველოსგან 3,5 მილიარდი დოლარის (!) კომპენსაციას ითხოვდა.


მედიამ საზოგადოებას ვერც ის გააგებინა, რა სამუშაოები ჩაატარა დღემდე „ფრონტერამ“ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების ან მარაგების დაზვერვის კუთხით, რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას ამ მიმართულებით და როგორ აისახება ეს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზარზე. არადა, ეს ინფორმაცია გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა აუდიტორიისათვის, ვიდრე მთელი ყურადღების გადატანა მთავრობისა და „ფრონტერას“ წარმომადგენელთა კინკლაობის გაშუქებაზე.


დაბოლოს: საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიას, სამწუხაროდ, არც ის ქართველი სპეციალისტები გახსენებია (და, შესაბამისად, მათთვის არც ტრიბუნა დაუთმია), ვინც „ფრონტერამ“ სამსახურიდან დაითხოვა.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 0
  • 2351
0 Comments