წითელი ვერსია
  • 0
  • 3984

„ფაშიზმი“ და „ნაციზმი“ „მთავარ არხზე“

10 მაისი 2021

პოლიტიზებულ ქართულ მედიაში სახელმწიფო სტრუქტურებისა და, განსაკუთრებით, ძალოვანი უწყებების დისკრედიტაციის სურვილი ზოგჯერ აბსურდული ბრალდებების ტირაჟირებამდე მიდის. ამგვარი „კრიტიკის“ მაგალითი იყო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვებგვერდზე 9 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელშიც ტელეკომპანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობას ტერმინ „ფაშიზმზე გამარჯვების დღის“ გამოყენების გამო აკრიტიკებს.


“შეცდომა თავდაცვის სამინისტროს პოსტში - უწყება ნაციზმის ნაცვლად ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს“ - გვაუწყებს „მთავარი არხის“ ვებგვერდი: „თავდაცვის სამინისტრო 9 მაისთან დაკავშირებით Facebook-პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავია, იმ დროს, როცა მსოფლიო ნაციზმზე გამარჯვებას ზეიმობს.” აქვე აღნიშნულია, რომ „იგივეს წერს საქართველოს მთავრობა“.


ტექსტიდან ნათელი ხდება, რომ ინფორმაცია მედიასაშუალებამ ამავე არხის ჟურნალისტის ფეისბუკის პოსტზე დაყრდნობით მოამზადა, თუმცა რეალურად 9 მაისი „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ“ საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ შრომის კოდექსში, უქმე დღეების ჩამონათვალში ამ სახელწოდებით არის განსაზღვრული და ამდენად, ცხადია, სახელმწიფო სტრუქტურები სწორედ ამ ტერმინს იყენებენ.


ზოგადად, ევროპაში ომის დასრულებას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა სახელით აღნიშნავენ, თუმცა, უშუალოდ საქართველოში დამკვიდრებულ ფორმას - „ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“ ყოველთვის უპრობლემოდ იყენებდნენ არა მხოლოდ ოფიციალური უწყებები, არამედ მედიაც და, მათ, შორის თავად „მთავარი არხიც“.


აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ტერმინთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ პრეტენზია არალოგიკურად გამოიყურება, მით უმეტეს, რომ გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წლის 9 მაისსაც ამავე არხის ჟურნალისტებმა ეთერში სწორედ ოფიციალური ფორმულირება - „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ გამოიყენეს.


მეტიც - დილის საინფორმაციო გამოშვებაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა მაყურებელს ამცნო, რომ საქართველოში დღეს არა „ფაშიზმზე გამარჯვებას“, არამედ საერთოდაც პირიქით, თურმე „ფაშიზმის გამარჯვების დღეს“ (?!) აღნიშნავენ.


ეს შეცდომა, სავარაუდოდ, მექანიკური უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ფრაზამ ცხადყო ისიც, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი თავისი სხვა კოლეგების მსგავსად უპრობლემოდ იყენებს ტერმინს „ფაშიზმი“, ხოლო „ნაციზმის“ შესახებ მისგან საერთოდ არაფერი მოგვისმენია.


„მთავარი არხი“ არა მხოლოდ დილის, არამედ დღის საინფორმაციო გამოშვებებშიც 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ისე აშუქებდა, რომ ტერმინში „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ ეჭვი თავად არ შეუტანია და მისი მართებულობა სადავოდ არ ჩაუთვლია. მათ შორის, მედიასაშუალების ლექსიკონი მას შემდეგაც არ შეცვლილა, რაც ვებგვერდზე ოფიციალური უწყებების მიმართ ტელეკომპანიის პრეტენზია გამოქვეყნდა.


ის, თუ რა მიმართებაშია უშუალოდ გერმანული ნაციზმი უფრო ვრცელი კონტექსტის მატარებელ ფაშიზმთან, რომელმაც ХХ საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის ბევრი ქვეყანა მოიცვა, ისტორიკოსებისა და ეპოქის მკვლევარებისთვის დღემდე აქტუალური თემაა.


ალბათ, ასევე აქვს არსებობის უფლება კითხვას იმის შესახებაც, თუ რა დასრულდა ან შეჩერდა 1945 წელს ევროპაში - მხოლოდ გერმანული ნაციზმი თუ ზოგადად ფაშისტური მოძრაობები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, რომელ ინტერპრეტაციასაც არ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ფაქტია რომ „ფაშიზმის“ გამოყენება შეცდომა ვერ იქნება ვერც ისტორიული და ვერც სამართლებრივი გაგებით, რადგან ჩვენს (ისევე როგორც არაერთ სხვა) ქვეყანაში კანონმდებლობაში სწორედ ეს ტერმინია გამოყენებული.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 3984
0 Comments