წითელი ვერსია
  • 0
  • 4342

„მთავარი“ ქონების რეესტრი

05 ივნისი 2021

„...ბინა მანსარდით ვაკეში, ფალიაშვილის 31 ნომერში, საცხოვრებელი ბინა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე, 146 კვ.მ. ნუცუბიძის ქუჩაზე, ბინა ხილიანზე და 115 კვ.მ. ბაგების სატყეო უბანში - ეს ყველაფერი თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ეკუთვნის...“ (29 მაისი, გადაცემა „მთავარი შაბათს“)


„...ეს ირაკლი შოთაძის სახლია. 150 კვადრატული თბილისის ცენტრში. მინიმალისტური დიზაინი, ყველაფერი ძალიან ძვირადღირებული. რემონტი და სახლის მოწყობა გენერალურ პროკურორს ჯამში 1 მლნ. ლარი დაუჯდა.“ (15 მაისი, გადაცემა „მთავარი შაბათს“)


თემატურად მსგავსი ეს ორი რეპორტაჟი „მთავარმა არხმა“ მაყურებელს ორი კვირის ინტერვალით შესთავაზა. „შაბათის მთავარში“ თითქმის იდენტური იყო კადრებიც და დრამატურგიაც: ორივე შემთხვევაში ჟურნალისტმა განმარტებებისთვის „ბრალდებულებს“ შინ მიაკითხა; ორივე შემთხვევაში უსაფრთხოების თანამშრომლებს შეხვდა და დიალოგიც თითქმის ერთნაირად წარიმართა.


მაგრამ „მთავარი არხის“ კორესპონდენტების მიერ მაღალი თანამდებობის პირთა ქონებაზე მოყოლილ ორ ამბავში მთავარი მსგავსება, ალბათ, მაინც ისაა, რომ ვიდეოკადრებში ასახულ სახლებს მათს მფლობელებად გამოცხადებული პირები ვერ ცნობენ - ამბობენ, რომ სახლები მათ არ ეკუთვნით!


მაინც, რა გახდა სადავო და ვის შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში?


თავდაცვის მინისტრის ქონებაზე მომზადებულ მასალაში გვეუბნებიან, რომ: „თუ ერთმანეთს შევადარებთ ბურჭულაძის ქონებრივ დეკლარაციასა და საჯარო რეესტრის ბაზას, ყველაფერი ისედაც ნათელია“ − ანუ ჟურნალისტის მტკიცებით, ჩამოთვლილი ყველა სახლი თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ეკუთვნის.


ამავე დროს, სიუჟეტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ 1 ივნისს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „თავდაცვის მინისტრს მიაწერეს არარსებული ქონება და შემოსავლები და ამ მეთოდებით შეეცადნენ მისი რეპუტაციის შელახვას. არც ფალიაშვილის და არც ლუბლიანას ქუჩაზე, არც მას და არც მის ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ არანაირი უძრავი ქონება, ხოლო ის უძრავი ქონება, რომელიც მინისტრს გააჩნია, ყველაფერი შეძენილი აქვს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობამდე.“


ეს, ერთი შეხედვით პარადოქსული წინააღდმდეგობა ნაკლებად კურიოზულად მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ ორი კვირის წინანდელ ამბავს, როცა „მთავარმა არხმა“ გენერალური პროკურორის ქონების შესახებ გვიამბო:


„შოთაძის სახლის ფოტოები ‘შაბათის მთავარმა’ ერთ-ერთი დიზაინერული ფირმის ვებგვერდზე იპოვა. 100-ჯერ დაითვალა, შეადარა და გაარკვია, რომ პროკურორის ევრორემონტი ნამდვილად 1 მლნ ლარი დაჯდა. აქედან მხოლოდ სამზარეულოს კარადები და ტიხრები 100 000 ლარზე მეტი. მასალების უდიდესი ნაწილი კი სპეციალური შეკვეთით, ევროპიდან ჩამოვიდა. სახლი რომ შოთაძისაა, პროკურატურას არ უარუყვია“ ვკითხულობთ „მთავარი არხის“ ვებგვერდზე, თუმცა სინამდვილეში შოთაძემ რეპორტაჟში ნაჩვენები სახლის მფლობელობა გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უარყო და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა ტელემაყურებელს მისთვის საერთოდ უცნობი სახლის სურათები უჩვენეს.


„სიუჟეტის ავტორს არც კი უცდია ინფორმაციის გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები. ...ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა ამ ბინის რეალური მესაკუთრე და აღმოჩნდა, რომ არსებული ბინა მდებარეობს ცაგარელის ქუჩაზე სულ სხვა მისამართზე, როცა ჩემი რეალური საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ცაგარელის 82 ნომერში. მოვუწოდებ ხსენებული სიუჟეტის ავტორებს ან წარმოადგინონ მათ ეთერში გასული ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ან გამოიჩინონ თუნდაც მცირედი ჟურნალისტიკური ეთიკა და უარყონ მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია“ − ნათქვამია შოთაძის განცხადებაში.


აღსანიშნავია, რომ „მთავარმა არხმა“ შოთაძის განცხადება 16 მაისს ჯერ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, შემდეგ კი 15-საათიანი გამოშვების ეთერშიც გაუშვა, თუმცა ეს, ცხადია, ვერ ჩაითვლება პრაიმტაიმში გასული რეპორტაჟის „კომპენსაციად“.


რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, გარდა ეთერში გასული სიუჟეტისა, 29 მაისს „მთავარი არხის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ასევე ვკითხულობთ, თითქოს „დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის სტატუსით მხოლოდ სამ თვეში ხელფასის სახით 225 000 ლარი აიღო.“


ეს ცნობა, სავარაუდოდ, მექანიკური შეცდომის შედეგი უნდა იყოს, რადგან დღეს მოქმედი საშტატო ნუსხით განსაზღვრული სარგო თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვის თვეში 7250 ლარია. „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სავარაუდოდ, ხელფასს ერთი „ზედმეტი“ ნული მიუწერა, რის შედეგადაც მინისტრის მოადგილის ხელფასი ათჯერ „გაიზარდა“.


მექანიკური შეცდომისგან ცხადია, არავინ არის დაზღვეული. მაგრამ საინტერესოა, რომ მედიასაშუალება მის გასწორებას სულაც არ ჩქარობს. არადა, თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ 1 ივნისს გამოეხმაურა ხსენებულ მასალებს.


საზოგადოებას ნამდვილად უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ქვეყნის მთავრობის წევრების შემოსავლებზე, თუმცა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს უნდა შეესაბამებოდეს.


ექნება თუ არა „მთავარი არხის“ ეთერში გაგრძელება გენერალური პროკურორისა და თავდაცვის მინისტრის ქონებასთან დაკავშირებულ გაუგებრობას, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ფაქტი ფაქტად რჩება: მედიასაშუალებამ საზოგადოებას გადაუმოწმებელი და გაუწონასწორებელი ინფორმაცია მიაწოდა და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, აღარც იყოს მნიშვნელოვანი, რა იქცა ამის მიზეზად − ჟურნალისტების დაბალი კვალიფიკაცია თუ არხის პოლიტიკური მოტივაცია.


  • 0
  • 4342
0 Comments