წითელი ვერსია
  • 13
  • 3814

„მათემატიკის გაყალბების“ მთავარი ფორმულა?

29 აპრილი 2021

ქართული ტელემედია, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ვარდება უხერხულ სიტუაციაში გამოთვლასთან და სხვა მათემატიკურ ოპერაციებთან შეხებისას, მაგრამ ის, რაც 27 აპრილის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებში ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ კომუნიკაციების კომისიის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში მაყურებელს წარუდგინეს, ერთი კონკრეტული შეცდომის ან მანიპულაციის ფარგლებსაც კი სცდება და მთელი მათემატიკური მეცნიერების თავდაყირა დაყენების მცდელობას გავს.


კერძოდ, სიუჟეტები მოგვითხრობენ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებულ „კვლევაზე“, უფრო სწორად კი, ბრალდებების კრებულზე, რომელიც ამ წერილის გამოქვეყნებისას სრული სახით უკვე აღარ იძებნება და სადაც მოტანილი იყო კომისიის წევრების სახელფასო ანაზღაურების სტატისტიკა 2019-2020 წლების განმავლობაში.


ამასთან, „თვალსაჩინოებისთვის“ იქვე, „სხვათა შორის’ დაზუსტებული“ იყო ისიც, რომ „მხოლოდ 2019 წელს კომუნიკაციის კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე 1 180 826 ლარი დაიხარჯა, რაც უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირის 5 წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი ერთად“.


აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხის“ სიუჟეტში სტატისტიკის გაყალბება სიუჟეტის პირველივე წინადადებიდან იწყება, როცა წაყვანი გვაუწყებს, რომ „კახა ბექაურისა და ოთხეულის ანაზღაურება წელიწადში 2 100 000 ლარია“ და ეს მაშინ, როცა თავად „ფლანგვის დეტექტორი“, რომელსაც სიუჟეტი ეყრდნობა, არ მალავს იმას რომ ეს არის ორი წლის მანძილზე (და არა წელიწადში) გაცემული ანაზღაურების ჯამი.


ქართული ტელემედიისთვის უკვე „უხერხულ თემად“ ქცეულ ციფრებს უფრო ბუნდოვნი ფორმულირებებით აუარა გვერდი „ფორმულამ“, რომელმაც „უბრალოდ“ გვაცნობა, რომ „კომუნიკაციების კომისიის წევრთა შრომა 2 მილიონი ლარი ჯდება“, ხოლო მაყურებელმა, სავარაუდოდ, თავად უნდა გამოიცნოს ლაპარაკი ერთ თვეზეა, ერთ წელიწადზე თუ საერთოდ, მუშაობის მთელს პერიოდზე.


რაც შეეხება თავად „კვლევას“: უდაოდ უცნაურია, როცა ობიექტურ კრიტიკაზე პრეტენზიის მქონე მედიასაშუალებები ამდენად სერიოზული ბრალდებების ტირაჟირებისას უსიტყვოდ ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უფრო სატირული სტილით არის ცნობილი, ვიდრე აკადემიური პრეტენზიებით; მით უმეტეს, რომ „დეტექტორი“ ზემოხსენებულ კონკრეტულ მასალაშიც არ იცავს კვლევის წარმოების ნორმებს და ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებთან დაკავშირებით არავითარ წყაროს ან მტკიცებულებას არ გვთავაზობს.


ასე, მაგალითად, „კვლევის“ და შემდგომ, უკვე სიუჟეტების მთავარი ინტრიგა უდავოდ ისაა, რომ ორგანიზაციის მტკიცებით, 2019 წელს ევროკავშირის 5 ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ჯამში ნაკლები ხელფასი აიღეს, ვიდრე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრებმა.


ეს ცნობა, ცხადია, საჭიროებს დასაბუთებას, მით უმეტეს, რომ „დეტექტორი“ ასახელებს კონკრეტულ ქვეყნებს და თანხებს (სლოვაკეთი 70 973 $, მალტა - 56 900 $, ლიეტუვა - 50 100 $, და ა.შ.), თუმცა ამ საკვანძო მნიშვნელობის მონაცემების წყარო ან მტკიცებულება „კვლევაში“ საერთოდ არ არის მითითებული.


რეალურად, თუნდაც აღნიშნული სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების სახელფასო ანაზღაურების თემა 2019 წელს მედიის ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა (იხ. პეტერ პელეგრინი, ჯოზეფ მუსკატი, საულიუს სკვერნიალისი) და ამ ღია წყაროებზე, ისევე როგორც ავტორიტეტულ საერთაშირისო კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ „დეტექტორისა“ და შემდგომ უკვე ორი ტელეკომპანიის მხრიდან ადგილი აქვს ციფრების მიზანმიმართულ შემცირებას და მანიპულაციას.


სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო არ იყო მითითებული ამ მონაცემების წყარო „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში და სავარაუდოდ, შესაძლოა სწორედ ამიტომაც „გაქრა“ (!) კვლევაც და თავად „ფლანგვის დეტექტორის“ ვებგვერდიც (!) ინტერნეტ-სივრციდან სიუჟეტების ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ.


ცნობისთვის: კომუნიკაციების კომისიის წევრების სახელფასო ანაზღაურების საკითხი ხშირად ხდება ოპოზიციური მედიის კრიტიკის სამიზნე, თუმცა, ამ თემაზე მომზადებული მასალების სახით საზოგადოება, როგორც წესი, ფაქტობრივად ყოველთვის ერთი და იმავე სიუჟეტის „განმეორებით ჩვენებებს“ უყურებს, რადგან იგებს მხოლოდ გაცემული ხელფასის რაოდენობას.


ეს რაოდენობა, როგორც ვხედავთ, საზოგადოებაში აგრესიის გამოწვევის მიზნით, ზოგჯერ შეიძლება ორმაგად „გაბერილი“ და გაყალბებულიც კი იყოს, თუმცა იგივე მედიასაშუალებები ფაქტობრივად არასდროს ეუბნებიან თავიანთ მაყურებელს როდის, რომელ წლებში, რომელი ხელისუფლებ(ებ)ის პირობებში, რა არგუმენტებით და რა რისკების თავიდან აცილების მიზნით განისაზღვრა ის წესები, რომლითაც კომისიის წევრების სახელფასო ანაზღაურება გამოიანგარიშება და რამდენად გავს ან განსხვავდება ეს სისტემა ევროპის ქვეყნებში ან თუნდაც ჩვენს რეგიონში დამკვიდრებულ პრაქტიკას.


მთლიანობაში, 27 აპრილის სიუჟეტებიდან, ისევე, როგორც კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელი დისკრედიტაციის ყველა მცდელობიდან, რამაც ბოლო წლებში ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი შეიძინა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომისიის წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტების რეალური მიზეზი არის მარეგულირებლის მცდელობა შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და ხელი შეუწყოს ქართულ მედიასივრცეში მაუწყებლობის ცივილიზებული სტანდარტების დაკვიდრებას.


სავარაუდოდ, სწორედ ამით უნდა აიხსნას უკმაყოფილება უშუალოდ „მედიაკრიტიკის“ მიმართაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამოავლინოს და გააკრიტიკოს მანიპულაციის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და მიკერძოებული ჟურნალისტიკის ფაქტები ქართულ მედიაში.


(შენიშვნა: ამჟამად, 29 აპრილს, 14:17 საათზე, "ფლანგვის დეტექტორის" ვებგვერდის მუშაობა კვლავ აღდგენილია და ზემოხსენებული მასალაც კვლავ ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა რამე დაზუსტება ან განმარტება წყაროებთან დაკავშირებით არ გაკეთებულა)


ზვიად ავალიანი
  • 13
  • 3814
0 Comments