წითელი ვერსია
  • 7
  • 3149

„გაფუჭებული ტელევიზორის“ ეფექტი?

05 აგვისტო 2021

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და, განსაკუთრებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი კრიტიკული კომენტარი გაკეთდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ, თუმცა პოლიტიკურად პოლარიზებულ ქართულ მედიაში ვითარება, როგორც წესი, ისეა წარმოდგენილი, რომ პასუხისმგებლობა შეთანხმების შეწყვეტის გამო მხოლოდ ერთ მხარეს ეხება და პარტნიორების კრიტიკაც მხოლოდ მისკენაა მიმართული.


ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხები, რომლებიც მუდმივად (და ხშირად - ყოველგვარი დასაბუთების გარეშე) ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ დასავლეთმა მმართველ გუნდს „ბოლო გაფრთხილება“ მისცა, „წითელი ბარათი“ აჩვენა, „განაჩენი“ გამოუტანა და ა.შ.


ამ ტიპის ბრალდებების კონტექსტში უკანასკნელ ხანს გახშირდა ცნობები დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებზე უარის თქმის შესახებ.


მაგალითად, 19 ივლისს ცალკეული მედიასაშუალებები გვარწმუნებდნენ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა და, მათ შორის, ადამ კინზინგერმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უარი თქვეს და რომ პრემიერ-მინისტრისთვის „ამერიკის კარი სამუდამოდ დაიხურა“.


როგორც ცნობილია ამ ინფორმაციას მალე გამოეხმაურა თავად ადამ კინზინგერი და გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად უარყო, თუმცა ცნობები „ჩაშლილი ვიზიტების“ შესახებ ამით არ დასრულებულა.


ზემოხსენებული ისტორიიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 31 ივლისს ქართულ ოპოზიციაზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ ბალტიის სახელმწიფოებმა გააუქმეს ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები ამ ქვეყნებში, რომელიც, მათივე ცნობით, 8-9 აგვისტოს უნდა გამართულიყო.


საგულისხმოა, რომ მედიასაშუალებებს, რომლებიც მტკიცებითი ფორმით ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას არ მოუძიებიათ და მაყურებლისთის არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ქვეყნების ოფიციალური პირების, საელჩოების ან სხვა ოფიციალური სტრუქტურების კომენტარი და 4 აგვისტომდე მათი ერთადერთი წყარო ფაქტობრივად ქართული ოპოზიცია იყო, რომელიც ცხადია პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ობიექტურ წყაროდ ან საკმარისად კომპეტენტურ სუბიექტად იმისთვის, რომ მის მიერ ცალმხრივად გაჟღერებული ვერსია უდავო ფაქტად ჩაითვალოს.


რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, 4 აგვისტოს უწყებამ ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია ვიზიტების გაუქმების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ 8-9 აგვისტო 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს ემთხვევა და ხსენებულ დღეებში საერთოდ შეუძლებელია რამე ვიზიტი ყოფილიყო დაგეგმილი.


ამ განცხადების მიუხედავად, კონკრეტული მედიასაშუალებები 4 და 5 აგვისტოს ასევე მთელი დღის განმავლობაში მტკიცებითი ფორმით და კიდევ უფრო კატეგორიული ტონით განაგრძობდნენ იმ ვერსიის გავრცელებას, რომ ვიზიტების გაუქმება ბალტიის ქვეყნების „კოორდინირებული გადაწყვეტილებაა“ და ა.შ.


მეტიც - „მთავარი არხის“ ცნობით, ბალტიის ქვეყნებმა ირაკლი ღარიბაშვილი პერსონა ნონ-გრატადაც კი გამოაცხადეს, რაც ცხადია შეუძლებელია სიმართლეს შეესაბამებოდეს, ხოლო ტელეკომპანია „ფორმულამ“ აუდიტორიას აუწყა, თითქოს ბალტიის ქვეყნების სამთავრობო წყაროები ადასტურებენ იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ქვეყნებში ვიზიტზე უარი უთხრეს.


რეალურად, ლიეტუვური გამოცემა, რომელსაც 4 აგვისტოს შემდეგ ქართული მედია მტკიცებულების სახით წარმოგვიდგენს და სადაც ვიზიტების შესახებ სტატია სწორედ 4 აგვისტოს გამოქვეყნდა, გვამცნობს, რომ ეს „გამოცემის წყაროების მიერ მოწოდებული“ ინფორმაციაა და არა უშუალოდ რომელიმე ოფიციალური უწყების მიერ დადასტურებული ცნობა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებული სტატია ლიეტუვურ გამოცემაში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია ვიზიტების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, ლიეტუვური მედია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ქართული მედიის პირველწყარო და ეს 5 აგვისტოს „მთავარ არხთან“ კომენტარში დაადასტურა თავად სტატიის ავტორმა, გინტარას რადაუკსასმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაცია ვიზიტების გაუქმების შესახებ მან თავდაპირველად ინტერნეტში ნახა და ამის შემდეგ დაინტერესდა აღნიშნული თემით.


კონკრეტული, ოფიციალური წყარო ან ციტატა მას არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია, ხოლო რაც შეეხება სტატიის „კრიტიკულ სულისკვეთებას“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ეს ცხადია ვიზიტების გაუქმების მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სტატიაში რამდენჯერმე ციტირებულ ლიეტუველ პოლიტიკოსს, ჟიგიმანტას პავილიონისს წარსულშიც არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ, კითხვის ნიშნები შეიძლება იმასთან დაკავშირებითაც გაჩნდეს, რამდენად იზიარებს ან არ იზიარებს ლიეტუვის ხელისუფლება მთლიანობაში პავილიონისის ხედვას.


საბოლოო ჯამში, ბრალდებებისა და უარყოფების რამდენიმედღიანი კამპანიის მიუხედავად, შეიძლება ითქვას რომ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მედიიდან მაინც ვერ მიიღო რეალური და ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფუძველი აქვს (ან აქვს თუ არა საერთოდ რამე საფუძველი) საინფორმაციო კამპანიას ვიზიტების გაუქმების შესახებ, თუმცა ამ პროცესში კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გამოიკვეთა ქართული მედიისთვის დამახასიათებელი რამდენიმე პრობლემა.


მაგალითად, მედიის მიერ გაჟღერებული ბრალდებების ინტენსივობა და გაშუქების სტილი აშკარად მიანიშნებს იმას, რომ ოპოზიციური მედია ყველა მეთოდით ცდილობს მმართველი გუნდის დისკრედიტაციას და აქედან გამომდინარე, უკვე თავადაც გვევლინება პოლიტიკურ მოთამაშედ.


ამასთან, იმის გამო რომ „საგარეო ლეგიტიმაცია“ საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება, მედიაც სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებს „დარტყმას“, თუმცა შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში პარტნიორი ქვეყნებით და საგარეო პოლიტიკით მანიპულირება განსაკუთრებით სახიფათო პრაქტიკაა, რამაც შესაძლოა უკვე თავად შექმნას დიპლომატიური გაუგებრობის საფრთხე ან ხელი შეუწყოს საზოგადოების ნაწილში კონკრეტული ქვეყნების მიმართ ნეგატიური განწყობების გაჩენას.


ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოწვევების გარდა, „გაუქმებული ვიზიტების“ გაშუქების პროცესში აშკარად იკვეთება პროფესიონალიზმის დეფიციტის პრობლემაც ქართულ მედიაში, რაც საერთაშორისო მნიშვნელობის ამბების გაშუქების დროს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების სტანდარტებს უკავშირდება.


ფაქტია, რომ როდესაც მედიასაშუალება ავრცელებს საერთაშორისო სკანდალის ტოლფას ინფორმაციას, იგი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი წყაროების წარმოდგენას და იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად დამაჯერებელი მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია, ინფორმაცია შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ როგორც ვერსია და არა როგორც ფაქტი.


ამის მიუხედავად, ქართულ მედიაში სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როცა ინფორმაციის პირველწყარო საერთოდ დაუდგენელია, მაგრამ ცნობა მაინც მტკიცებითი ფორმით ვრცელდება, ხოლო მედიასაშუალებები ამ შემთხვევაში ფორმალურად ეყრდნობიან სხვა მედიასაშუალებებს, რომლებიც თავის მხრივ საერთოდ არ ასახელებენ წყაროს, საიდანაც კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს და ა.შ.


რეალურად, ამას შეიძლება ვუწოდოთ „გაფუჭებული ტელეფონის“ (ან სულაც „გაფუჭებული ტელევიზორის“) ეფექტი, როცა მედია წყაროს კონფიდენციალურობის უფლების გამოყენებით ავრცელებს ნებისმიერ ინფორმაციას (რომელიც შესაძლოა მიზანმიმართული პროვოკაცია ან ბანალური ჭორიც კი იყოს), თუმცა საზოგადოებისა და მაყურებლის წინაშე ფაქტობრივად არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ კონკრეტული ოფიციალური უწყებები და სუბიექტები, რომლებთანაც შესაძლებელია გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გაუქმებული ვიზიტების“ გაშუქების პროცესში პროფესიონალიზმზე პრეტენზიის მქონე მედია ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაკავშირებოდა ბალტიის ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებს ან თუნდაც მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში და წარმოედგინა აუდიტორიისთვის მათგან მიღებული კომენტარი(ც).


სამწუხაროდ, ასეთი მცდელობები ჯერ-ჯერობით ძალიან იშვიათია და ეს პროფესიონალიზმის დეფიციტის გარდა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმასაც, რომ მედიის მიზანი ხშირად არა ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, არამედ სწორედ სასურველი ვერსიის გავრცელება და საზოგადოებაში კონკრეტული განწყობების ჩამოყალიბებაა.


არჩილ სიხარულიძე
  • 7
  • 3149
0 Comments