წითელი ვერსია
  • 2
  • 2297

„ამბები ჩვენ გარშემო“

13 ივლისი 2020

ნიუსი მაშინ არის კარგი, როდესაც ის მაქსიმალურად ინფორმაციულია. ნიუსი იქმნება რამდენიმე მარტივ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემით. ტექსტში, როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება სიტყვების ნეიტრალურ შერჩევას, სადაც ისინი შეძლებისდაგვარად დაცლილია ემოციისგან, ხოლო ვიზუალური ნაწილი იწყობა ისეთი კადრების თანმიმდევრობით, რომლებიც ზუსტად შეესაბამება და გამოხატავს გადმოცემული ამბის შინაარსს.


სწორედ ამით განსხვავდება ჟურნალისტური პროდუქტი „პიარშჩიკის“ პროდუქტისგან, რომელიც, მშრალი ინფორმაციისაგან განსხვავებით, განწყობას ქმნის.


ქართული ტელემედია განსხვავდება ზემოთ აღწერილი კლასიკური სქემისგან იმით, რომ ტელეარხები, ძირითადად, სწორედ განწყობას ქმნიან, და არა ნიუსს. მეტიც: თავად ინფორმაცია აქ, ჩვეულებრივ, მხოლოდ ფონი და საშუალებაა გამიზნული განწყობის შესაქმნელად.


გადავხედოთ და შევაფასოთ, რა გვაჩვენეს თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღის მანძილზე სხვადასხვა არხებმა. თუნდაც ზედაპირული დაკვირვებისას ადვილად შევამჩნევთ, რომ ზოგი მედიასაშუალება, ძირითადად, პოზიტიურ ინფორმაციას გვაწვდის, რათა საზოგადოებაში დადებითი განწყობა შექმნას, ხოლო ზოგი, პირიქით, უმთავრესად უარყოფით ამბებს აშუქებს და შესაბამის განწყობას ქმნის.


ის, რომ პროსახელისუფლებო მედია საზოგადოებაში პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობის შექმნას ცდილობს, ხოლო ოპოზიციური მედია პრობლემების ჩვენებაზე უფროა ორიენტირებული, მათი როლიდან გამომდინარე ტენდენციაა და მეტ-ნაკლებად მთელს მსოფლიოში შეინიშნება. მაგრამ რამდენიმე ქართული ტელეარხი დღეს იმდენად არის შეჭრილი ნეგატივის წარმოების პროცესში, რომ უკვე ფორმალურადაც კი ძნელია, მათი ნიუსი მედიაპროდუქტად ჩაითვალოს.

ეს უფრო აპოკალიფსის ილუსტრაციების შექმნასა და პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას ჰგავს, რის შედეგადაც მაყურებელს უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება, ცუდის გარდა. არადა, მედიისთვის, წესით, ყველაზე უკეთ უნდა იყოს ცნობილი, რა დამანგრეველი გავლენა აქვს ნეგატიურ საინფორმაციო ფონს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე.


ნიშანდობლივია, რომ ეს განწყობა იქნება არა უბრალოდ უარყოფითი ინფორმაციის არითმეტიკული რაოდენობით, არამედ მისი „შეფუთვითაც“, სადაც წამყვანების ხმაში პანიკური ინტონაციები დომინირებს, ხოლო მათი შეშფოთებული გამოხედვა სიკვდილის, შიმშილისა თუ ავადმყოფობის თავზარდამცემი ქრონიკების გასაცნობად გვამზადებს.


სწორედ ასეთი იყო, მაგალითად, ტვ „პირველის“ „ერთი ჩვეულებრივი დღე“, კერძოდ, 8 ივლისის საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ნოდარ მელაძემ და მისმა გუნდმა შემოგვთავაზეს. გამოშვება ცხრა სიუჟეტისგან შედგებოდა, რომელთაგანაც ზოგი ამბავი აშკარად ხელოვნურად იყო „დამძიმებული“ პოლიტიზებული ნეგატივის „დღიური გეგმის“ შესასრულებლად.


პირველი თემა: გვატყობინებენ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება არაკვალიფიციურად მიმდინარეობს. პროცესებს ხელისუფლების უხილავი ხელი მართავს. რაში გამოიხატება ამ უხილავი ხელის მოქმედება, გაუგებარი რჩება.


მეორე თემა: „ქართული ოცნების“ დეპუტატი თელავის საკრებულოდან ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს! – სინამდვილეში დეპუტატი თელავის საკრებულოში არა „ქართული ოცნების“, არამედ სხვა პარტიის წარმომადგენელია. ძალადობის შესახებ მისმა ნათესავმა ფეისბუკზე დაწერა. მოხდა თუ არა ძალადობის ფაქტი, პოლიცია იძიებს. ოჯახის წევრები ძალადობას უარყოფენ. ირკვევა, რომ დეპუტატის სახლში ჩატარდა ჩხრეკაც, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა დაურეგისტრირებელი იარაღი ამოიღეს.


მესამე თემა: მუქარა წინასაარჩევნოდ: უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერების ოჯახის წევრებმა ტელეფონით მიიღეს მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინებები, რომელთა თანახმად, თუ მათი ქმრები არ შეწყვეტენ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, შვილებს საფრთხე ელით. წამყვანის თქმით, ეს ყველაფერი საქართველოში არჩევნებს უკავშირდება! ქართული ლეგიონის მეთაური კი ტვ „პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ მუქარის ფაქტზე საქმის გამოძიება არ მოხდება, რადგან „ქართველი სამართალდამცველების იმედი არ აქვს“. თავის მხრივ, არც ჟურნალისტი დაინტერესებულა, რას აპირებენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს თუ არა გამოძიება.


მეოთხე თემა: კიდევ ერთი სიკვდილი და პასუხგაუცემელი კითხვა − ოჯახს არ სჯერა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე თბილისში ჩამოსულმა ახალგაზრდამ თავი მოიკლა, ან გადმოვარდა. ირწმუნებიან, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას. „ოჯახი ექსპერტიზას წინასწარ უცხადებს უნდობლობას.“


მეხუთე თემა: ორმაგი მკვლელობა მუხრანში: მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებული პირი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან, რის შემდეგაც მან ოჯახის წევრები დახოცა. არადა, სასჯელაღსრულების სისტემიდან მოსული წერილით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ვადამდე არ გაუთავისუფლებიათ.


მეექვსე თემა: პანდემიის შემდეგ ავიამიმოსვლა აღდგება, მაგრამ ეს უკვე ვეღარაფრით დაეხმარება ტურისტულ ბიზნესს, რომელიც კოლაფსშია. ვიცით, რომ სექტორის მხარდასაჭერად ღონისძიებები ტარდება, საქართველომ კი საზღვრები გახსნა რამდენიმე ქვეყანასთან. მაგრამ რეალური სურათის დადგენა ჟურნალისტის ინტერესში აშკარად არ შედის. მან უკვე იცის, რომ ტურიზმს ვეღარაფერი დაეხმარება.


მეშვიდე თემა: სასმელი წყლის ნაცვლად კანალიზაცია: ჟურნალისტი გვეუბნება, რომ კერძო საკუთრებაში მყოფ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სახელმწიფომ მილები არ გამოცვალა და ამიტომ შენობის ბინადრები იწამლებიან. ამ დროს წყლის ანალიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის; უცნობია ისიც, რამ გამოიწვია 15 ადამიანის მოწამვლა.


მერვე თემა: კახა კალაძე პოლიკლინიკებს ჰყიდის, ჯანდაცვის მინისტრი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. სინამდვილეში კალაძისა და ჯანდაცვის მინისტრის პოზიციები აშკარად თანხვედრაშია ერთმანეთთან, პოლიკლინიკების პრივატიზება კი ჯერჯერობით არ იგეგმება. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ კალაძეს პოლიკლინიკების „დათრევა“ უნდა, თუმცა, როგორ უნდა მოახერხოს ეს, გაუგებარია. რაც მთავარია, რეპორტიორებმა გვითხრეს, რომ მმართველ გუნდში უთანხმოებაა, კალაძე იტყუება და ტიკარაძემ ამის შესახებ არაფერი იცის.


მეცხრე თემა: პროტესტი სარფის საბაჟოსთან. ქალები, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიოდნენ, ამბობენ, რომ შიმშილი და საცხოვრებლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, თუ თურქეთთან საზღვრები არ გაიხსნა. სიუჟეტის ბოლოს გვეუბნებიან, რომ ქალებს მთავრობის კომპენსაციები მიღებული აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათი პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ დეპუტატმა მთავრობას წერილობით შეატყობინა.


ასეთი იყო „პირველები“ და ამბები, რაც ჩვენ გარშემო ხდებაო − გამოგვიცხადა დამშვიდობებისას გამოშვების წამყვანმა ეკო მაღრაძემ, ვასილ დაბრუნდაშვილმა კი მშვიდობიანი ღამე გვისურვა.


ლელა კურდღელაშვილი
  • 2
  • 2297
0 Comments