წითელი ვერსია
  • 37
  • 5070

ერთად გავასეირნოთ ძაღლები...

20 იანვარი 2020

მიყვარს ციტატები. რაც უნდა მიმტკიცონ - ჩარჩოში სვამს ადამიანს, თავისუფალ აზროვნებას და ფანტაზიის უნარს უზღუდავსო, მიყვარს და რა ვქნა?! რაც უფრო ილიაა და რაც უფრო დიდაქტიკურია, მით უფრო ვეტრფი! ისე, მჯერა, რომ თავისუფლება თვითონ თუ მიგატოვებს, თორემ ციტატები ვერაფერს დააკლებს მას!


ჰოდა, დღევანდელ მედიაზე, კონკრეტულად, სამაუწყებლო მედიაზე ლაპარაკს ძველი ტექსტის ციტირებით დავიწყებ. აი, რას ამბობს ილია, მისი, თანამედროვე საქართველოს შესახებ: „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათიო!“.


ნამდვილად არ იყო მის დროს საქმე კარგად, მაგრამ ეს სიტყვები თითქოს ჩვენზე დაწერა; თითქოს, ვიღაცამ, ჩვენზე - 21-ე საუკუნის ოციანი წლების საქართველოზე და ქართველებზე - დაავალა „გადაცემის“ მომზადება, და კომპიუტერთან მოკალათებულმა, ქართული მედიასივრცის კონტენტ-ჰაზარდ-სვოთ და ყველა სხვა ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით, სწორედ ჩვენი პორტრეტი დახატა.


მართლა საშიშად დაქსაქსულ-დაყოფილ-დათითოკაცებულები ვართ დღევანდელები, მართლა სადღაც მოვისროლეთ ის საცოდავი ნაცვალსახელი „ჩვენ’’ და ყველა ჩვენსას მივერეკებით, ყველას ჩვენი სიმართლე, ჩვენი სათქმელი და ინტერესი გვამოძრავებს, ჩვენი გასათელი, ჩასაძირი, დასაბულინგებელ-დასატერორებელი სამიზნე გვყავს და ამ საქმეში, მასობრივი განადგურების სხვა უახლეს იარაღთან ერთად, უერთგულეს სამსახურს - მედია გვიწევს, ტრადიციული თუ სოციალური. განსაკუთრებით, ჯადოსნური ტელე-სარკე, რომელიც შეუდარებელი ოსტატობით აღრმავებს და ამძაფრებს პროცესებს.


გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენჯერ გაგიგონიათ: არ ვუყურებ ქართულ არხებს, ნერვები არ მყოფნის, ჯერ ერთი - გული მისკდება, იმდენი ზიზღი იღვრება. მეორე, არ ვენდობი - „ტყული, ტყული და პაპიროზი პირშიო’’, როგორც ძველ დროს იტყოდნენ.


წესით და კანონით, მასობრივი იმიტომ ჰქვია, ამ დალოცვილს, რომ საერთო ინტერესებს ემსახურებოდეს; საერთო ძარღვში სისხლის არგაშრობას უწყობდეს ხელს; რაღაც ისეთ მისაღებს, გამაერთიანებელს ეძებდეს და ამრავლებდეს, რომელიც შეგვაჩერებდა, დაგვაფიქრებდა, საკუთარი თავის გარდა, სხვასაც დაგვანახებდა. მაგრამ არა, ყველაფერი პირიქით ხდება - თითქოს ერთი, უხილავი, დესტრუქციული ხელი მართავსო პროცესებს!
‘’გამთიშველი მაკავშირებელია’’ ნამდვილი, გვაკავშირებს იმისთვის, რომ გაგვთიშოს!


თვითონ ქმნის რეალობას, თამაშის წესებს, თვითონვე არის სახელმდებელიც და პროკურატორიც!

გასაოცარი სიამოვნებით თესავს ზიზღს და მასთან ერთად, მის ორ ამხანაგს - უნდობლობას და ეჭვს!

თესავს თავგასულობას, თავისუფლების სახელით!

სიბნელეს - სინათლის სახელით!

ურცხვობას - გახსნილობის, ღიაობის სახელით!


ამას, შედეგად, არ შეიძლება გათიშულობა, საერთოს, „ჩვენის’’ დაკარგვა არ მოჰყვეს!


თვითონ ჰქმნის ტელე-ტყვეთა ბანაკებს, სადაც თითოეულს, გულზე ჩამოკიდებულ პატარა დაფაზე აწერია საკუთარი განაჩენი: კორუმპირებული, მოღალატე, კრიმინალი, ქურდი და სხვა. საქვეყნოდ გარქმევს იმ სახელს, რაც თავად სურს და მერე ამტკიცე, რომ არ ხარ აქლემი!


ეს ნიაღვარი, უმეტესად, ერთი პოლიტიკური ბანაკიდან მეორეში მოხტუნავე პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების ბაგეთაგან იღვრება და არაფერი აქვს საერთო შეხედულებების ან პრინციპების გადასინჯვა-გადაფასებასთან. მათი საფუძველი უმთავრესად პირადი წყენა, პირადი ანგარიშსწორება, ხშირად ვერცხლისმოყვარეობა და ისევ პირადი მოკლევადიანი პროექტებია, რომლებიც როგორც წესი, წინააღმდეგობაში მოდის არამოკლევადიან საერთო ინტერესებთან.
თანაც, ყველაფერი ხალხისა და მათი კეთილდღეობის, სამშობლოს გადარჩენის სახელით ხდება. სიტყვა - სამშობლო ისევ შემოვიდა მოდაში და ხშირად, ყველაზე უსამშობლო ტიპები ფიცულობენ მის მზეს ყველაზე მხურვალედ! ერთი ხელით პირჯვარს იწერენ, მეორეთი კი, ძირს უთხრიან სამშობლოსაც, გაჭირვებულ მოყვასსაც და „საერთო ძარღვის’’ გაჩენის პერსპექტივასაც!


რეალობა უნდა ასახო, როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს ის. საზიზღარი სიტყვაა, მხილება - მაგრამ მედიამხილებების ეპოქაში ვიხმარ - უნდა ამხილო ბოროტმოქმედი, დამნაშავე, მავნებელი, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ დიდი სხვაობაა მხილებასა და ცილისწამებას შორის. რეალობა არ უნდა დაამახინჯო, არ უნდა გამოიყენო შენს სასარგებლოდ, არ უნდა შეუწყო ხელი ფეიკ-იმპერიის გაძლიერებას, რომლის საბოლოო მიზანი ყველაზე უზენაესი ღირებულების - თავისუფლების - შეზღუდვა, ადამიანის დამორჩილება, მისი იოლად სამართავ მასად ქცევაა.


რა ქნას მაყურებელმა? როგორ მოერიოს, როგორ გაუმკლავდეს წამლეკავ საინფორმაციო ნიაღვარს? თვითონ ირბინოს და არკვიოს, შეთხზული მოისმინა თუ რეალურად მომხდარი ამბავი, როცა ხშირად ჩვენს „სანაქებო’’ მოსამართლეებს უჭირს სიმართლეში გარკვევა? როგორ გამოხატოს პროტესტი საინფორმაციო შეტევების წინააღმდეგ?


ხშირად მახსენდება დიდი ხნის წინ, პოლონეთში მომხდარი ორი, უკვე ქრესტომათიული მაგალითი, „ჩვენ‘’ ნაცვალსახელის სიძლიერისა:


როცა პოლონეთის მთავრობამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და პოლონელების ერთიანობის სიმბოლოს, მათი ღირსების დროშას - ‘’სოლიდარობას’’ - საფრთხე დაემუქრა, ერთი პატარა ქალაქის მცხოვრებლებმა ასე გამოხატეს თავიანთი პროტესტი - ზუსტად იმ დროს, როცა ტელევიზია ახალი ამბების გადაცემას იწყებდა, მათ ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ძაღლები გაჰყავდათ სასეირნოდ, რაც ნიშნავდა - ჩვენ არ გიყურებთ! არ გცნობთ! არაფრად გაგდებთო!


მეორე - გდანსკელების პროტესტი, როცა მათ გამორთული, დადუმებული ტელევიზორები ფანჯრებთან დადგეს, ეკრანებით გარეთ, რათა ზურგი შეექციათ იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ ერთობას ემუქრებოდა, მათი საერთო ძარღვის გაწყვეტას ლამობდა.


მაგრამ, ჩვენ, აქაც არ ვართ სოლიდარულები. ნაწილს ჩვენ-ჩვენი რჩეული არხები, ჩვენ-ჩვენი გაკერპებული ლიდერები და პოლიტიკური ძალები გვყავს და სექტანტის ერთგულებით მხოლოდ მათი უმანკოებისა გვჯერა. ნაწილი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნებაყოფლობით უარს ამბობს ინფორმაციის მიღებაზე და სერიალებსა და გასართობ შოუებზეა „შემჯდარი“!


ალბათ ასე გაგრძელდება, თუ არ გამოვფხიზლდებით და არ ვიმარჯვებთ, თუ ძალიან არ მოვინდომებთ, მეტ გონიერებას არ გამოვიჩენთ, მეტად არ დავძაბავთ მეხსიერებას, მეტად არ გავიაზრებთ წარსულ შეცდომებს, მეტად არ დავფიქრდებით გათიშულობის, ‘’ჩვენის’’ დაკარგვისა და „ მეს’’ გაბატონების მიზეზებზე, მეტად არ გავბრაზდებით და მერე, ეგებ, ერთადაც კი გავასეირნოთ ძაღლები...




კრავაი ჯაყელი
  • 37
  • 5070
0 Comments