წითელი ვერსია
  • 217
  • 4163

პრემიერის თავსატეხი

13 იანვარი 2020

ამჯერად სამსჯელო საკითხი, არც მეტი, არც ნაკლები, მეზობელი ქვეყნის პრემიერმა შემოაგდო.


ნიკოლ ფაშინიანმა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაანგარიშებით, სომხეთმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (GDP Per Capita) საქართველოსაც გაუსწრო და აზერბაიჯანსაც.


მოგვიანებით სომხეთის პრემიერმა განცხადების ეს რედაქცია თავადვე ჩაასწორა და დააზუსტა, რომ აზერბაიჯანისთვის სომხეთს ჯერ არ გაუსწრია, მაგრამ 2020-ში გაასწრებს. საქართველოს ნაწილში განცხადება უცვლელი დარჩა.


საქართველო და მისი განუყოფელი ნაწილი - ქართული მედია ადუღდა ამ განცხადების შემდეგ.


შეფასებების დიაპაზონიც დიდი იყო - დაწყებული იმით, რომ ვაი, სომხეთმაც კი გაგვასწრო და დასრულებული იმით, რომ ფაშინიანმა უბრალოდ იცრუა ან რიცხვებით მანიპულირება სცადა.


ამ დროს პრემიერმა ფაშინიანმა გამოიყენა ის ფანდი, რასაც ხშირად იყენებენ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ სხვებიც, როცა უნდათ საკუთარი წარმატების ხაზგასმა სცადონ.


ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გამოსათვლელად სომხეთის პრემიერმა ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენა, რომელიც მშპ-ს მიმდინარე ფასებში ითვლის. ეს მეთოდი ნამდვილად არის სავალუტო ფონდის არსენალში და აქ ფაშინიანს დიდად არ შეუცოდავს.


მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უფრო ხშირად სავალუტო ფონდი ამ პარამეტრის შესაფასებლად სხვა მეთოდს იყენებს - კერძოდ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გამოითვლება. აი, ამ მეთოდით ფაშინიანის ლოგიკა აბსოლუტურად ირღვევა - რეგიონის ლიდერი აზერბაიჯანია, შემდეგ საქართველო მოდის და, ბოლოს, სომხეთი.


მოკლედ, ეს ერთი ამბავი გავარკვიეთ.


ახლა მეორე: სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, 2019 წლის 15 ნოემბრიდან „საქსტატი“ მშპ-ს დათვლის მეთოდოლოგიის ახალი სტანდარტის - SNA (ანგარიშთა ეროვნული სისტემა) 2008-ის დანერგვას შეუდგა (მანამდე ამ მიზნისთვის, ამავე მეთოდოლოგიის უფრო ძველი სტანდარტი - SNA 1993 გამოიყენებოდა). ამ ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით აღრიცხვიანობის წესები რადიკალურად იცვლება. და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, ამ ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებისას მშპ-ს მოცულობა იზრდება. „საქსტატის“ სამოდელო გადათვლამ ეს უკვე დაადასტურა: როდესაც 2018 წლის მონაცემები ახალი სტანდარტით გადაითვალეს, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეკონომიკა 8,5%-ით მეტი იყო, ვიდრე ძველი მეთოდოლოგია ითვლიდა.


ეს კიდევ ერთი ახსნა, საიდან წამოვიდა სომხეთის პრემიერის ასეთი შეფასება. მისი ქვეყანა SNA-2008-ზე რამდენიმე წლით ადრე გადავიდა და შესაბამისი რიცხვები უკვე ხელთ აქვს. საქართველოს კი 2019 წლის მშპ ჯერ ახალი სტანდარტით არ გადაუთვლია და, შესაბამისად, რიცხვებიც არ გვაქვს.


ესეც არ იყოს, სავალუტო ფონდი მონაცემებს წელიწადში ორჯერ გამოფენს ხოლმე - აპრილში და ოქტომბერში. შესაბამისად, საქართველოს და სომხეთის ბოლო მონაცემებიც ოქტომბერში, ანუ მაშინ დაიდო, როცა სომხეთი მშპ-ს უკვე ახალი (ანუ უფრო ოპტიმისტური) მეთოდოლოგიით ითვლიდა, საქართველო კი - ისევ ძველით (ანუ უფრო კონსერვატორულით).


ნებისმიერ შემთხვევაში აპრილამდე მოცდა მოგვიწევს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ მონაცემების გამოთანაბრების შემდეგ სომხეთის უპირატესობა შესაძლოა, საპნის ბუშტივით გასკდეს.


თუმცა, ამ ეტაპზე სომხეთის პრემიერის გამოსვლა ქართული პოლიტიკური თუ მედია სივრცის ერთ შეყანყალებას ნამდვილად ეყო.


რეზო საყევარიშვილი
  • 217
  • 4163
0 Comments